06 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების ინფორმაციით, ალ-აქსას წამებულთა ბრიგადის დამფუძნებელი სამი ალჰასანი გაანადგურეს

ომის მე-7 დღე ახლო აღმოსავლეთში - იერიშები გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასულ ღამეს ღაზის სექტორში 750 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს. მათი განცხადებით, "ჰამასის" მებრძოლები ქალაქის ქვეშ, გვირაბებში და მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ შენობებში იმალებიან და მათ "ადამიანურ ფარებად" იყენებენ. ბოლო ინფორმაციით, ისრაელის სამხედროები ღაზას მოსახლეობას ჩრდილოეთ ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდებენ. თავდაცვის ძალებმა გაერო-ს, უსაფრთხოების მიზნით, სამხრეთისკენ ევაკუაციისთვის 24 საათი მისცეს. ისრაელის მიერ ევაკუაციისკენ მოწოდების საპასუხოდ, "ჰამასი" ღაზის მცხოვრებლებს მიმართავს, არ დატოვონ სახლები.

მსხვერპლი პალესტინის მხარეს უკვე ისრაელისას აჭარბებს. ღაზაში 1500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო "ჰამასის" მიერ ისრაელზე თავდასხმებს 1300-ამდე ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის სამხედროები ღაზის სექტორზე ბლოკადის შენარჩუნებას მანამ აპირებენ, სანამ "ჰამასი"მძევლებს არ გაათავისუფლებს. გაერო-ს ინფორმაციით, ღაზა კატასტროფის წინაშეა, იწურება წყლისა და საკვების მარაგი. ასევე, ხელმისაწვდომი არ არის აუცილებელი სამედიცინო სერვისები. იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა 423 000-მდე გაიზარდა.

ომის მე-7 დღეს სრულიად ისრაელისთვის შედარებით მშვიდია წინა დღეებისგან განსხვავებით, თუმცა დაძაბულობა კვლავ პიკს აღწევს ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე. ღაზის სექტორთან მობილიზებულია მრავალათასიანი სამხედრო ქვედანაყოფები, რომლებიც ემზადებიან სპეციალური სახმელეთო სამხედრო ოპერაციის დასაწყებად. ჯერ კიდევ გუშინ, საღამოს 10 საათისთვის გახდა ცნობილი სავარაუდო დრო სახმელეთო სპეცოპერაციის დაწყების და ეს არის 48 საათი. ექსპერტები და ყოფილი სამხედრო პირები ვარაუდობენ, რომ ამ პერიოდში ისრაელი დაიწყებს სპეციალურ სახმელეთო ოპერაციას ღაზის სექტორში.

მთელი დღის განმავლობაში, ცაჰალი ახორციელებს საჰაერო დარტყმებს იმ სტრატეგიულ ობიექტებზე, სადაც თავს ჯერ კიდევ აფარებენ ტერორისტები. სულ რამდენიმე წუთის წინ, ცაჰალმა მედიას დაუდასტურა, რომ ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა გაანადგურეს ალ-აქსას წამებულთა ბრიგადის დამფუძნებელი, ცნობილი ტერორისტი სამი ალჰასანი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა 7 ოქტომბრის დილით ისრაელზე თავდასხმას.

ამ წუთებში, ცაჰალი ასუფთავებს ტერიტორიას ღაზის სექტორში, განადგურებულია მრავალსართულიანი შენობები, რომლებსაც იარაღის საცავად იყენებდნენ.

დღეს დილით ისრაელის მხარემ ოფიციალურად მოუწოდა ღაზას სექტორის ჩრდილოეთით, ისრაელის საზღვართან დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას და მათ მისცა 24 საათიანი ვადა, რომ მათ დატოვონ ეს ტერიტორია. ამ დასახლებული პუნქტიდან ზუსტად 4 კილომეტრში ისრაელის შეიარაღებული ძალები დგას, რომლებიც ელოდებიან სახმელეთო თავდასხმის სავარაუდო ბრძანებას.

რთულია ვითარება ღაზის სექტორში. მშვიდობიანი პალესტინელები ცდილობენ თავშესაფარში გადასვლას, ისინი აფარებენ თავს სკოლებსა და საბავშვო ბაღებს. ეს ზუსტად ის ტერიტორიებია, სადაც გამაგრებულები არიან "ჰამასის" წარმომადგენლები. რამდენიმე საათის წინ, "ჰამასმა უპასუხა ისრაელის მუქარას და თქვა, რომ მშვიდობიანი პალესტინელები დარჩებიან ღაზის ტერიტორიაზე და რომ ისრაელი ცდილობს ფსიქოლოგიური ომი აწარმოოს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე

დღის ამბები