16 სექტემბერი 2024,   23:04
ვრცლად
რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ყველა საწარმო და კომპანია მოინახულა

 რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია. მევენახეები ამბობენ, რომ მოსავლითა და ბაზარზე არსებული ფასებით კმაყოფილი არიან.

დავით ციმაკურიძეს სოფელ საკეციაში, მუჯურეთულის, ალექსანდროულის, ცოლიკაურის და ციცქას ჯიშის ყურძენი 15 ჰექტარ ფართობზე აქვს გაშენებული.
ციმაკურიძის ოჯახს რთველი დღეს ჰქონდა. მევენახე ამბობს, რომ ყურძნის მოსავალი წელს პირველად აიღო და ღვინოსაც პირველად დაწურავს.

„საკეციის მარანი” მევენახე ფერმერმა სოფლის განვითარების სააგენტოს „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების“ პროექტით თანადაფინანსებით 2022 წელს გახსნა. საწარმოში 5 ადამიანია დასაქმებული.

რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირებისა და მოსავლის სრულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას ყველა ის კომპანია მიიღებს, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 7 ლარს.

ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტში , ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელ ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.

რთველში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მონაწილეობს . ოთარ შამუგიამ რაჭაში ყველა საწარმო და კომპანია მოინახულა . ის რთველის მიმდინარეობასა და ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა , ყურძნის გადამამუშავებელი კომპანია „მეღვინეობა ბარაკონში" მოინახულა, რომელიც სოფელ ბოსტანაში მდებარეობს. საწარმომ ადგილობრივი მევენახეებისგან 50 ტონა ყურძენი უკვე შეისყიდა და გადაამუშავა.

რაჭაში რთველი 7 ოქტომბერს დაიწყო, მოსავლის დაბინავების პროცესში 20 კომპანიაა ჩართული. ადგილობრივი ფერმერებისგან საწარმოების მიერ, უკვე ჩაბარებულია 1100 ტონა ყურძენი. მიმდინარე წელს, საპროგნოზო მოსავალი 1500-2000 ტონის ფარგლებშია. რთველი 2023-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბიც მოქმედებს. რაჭის რთველის დასრულების შემდეგ, მოსავლის დაბინავების პროცესი ლეჩხუმში დაიწყება.

 

ავტორი:ოთარ ჯაში

დღის ამბები