06 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
ანტისემიტური აქცია და დაპირისპირება მაჰაჩყალაში - ჩრდილოკავკასიაში გუშინ არეულობა ერთდროულად რამდენიმე ქალაქში დაიწყო

ჩრდილოკავკასიაში გუშინ არეულობა ერთდროულად რამდენიმე ქალაქში დაიწყო. ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის დედაქალაქში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებაც მოხდა, რა დროსაც 20 მოქალაქე მძიმედ დაშავდა, დაკავებულია 60 ადამიანი. 

ერთ-ერთ "ტელეგრამ" არხზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაჰაჩყალამ თელ-ავივიდან დევნილები მიიღო, რამაც ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. დარბეულია მაჰაჩყალის აეროპორტიც. ათეულობით ადამიანი წუხელ იქ ომს გამოქცეულ ებრაელებს ეძებდა.

შენობიდან მომიტინგეებმა ასაფრენ ბილიკზე სცადეს შესვლა. მათ წინააღმდეგობას სამართალდამცველების მცირე ჯგუფი მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში უწევდა.

პოლიციელების გაქცევის შემდეგ აქციის მონაწილეების ე.წ. სამძებრო ოპერაცია გაგრძელდა. ისრაელის მოქალაქეების კვალს ეძებდნენ თვითმფრინავის ძრავებშიც.

სანამ მომიტინგეები აეროპორტს არბევდნენ, ათობით სხვა რეისის მგზავრები უსაფრთხოების მიზნით, თვითმფრინავებში იყვნენ გამოკეტილები.

დაღესტნის დედაქალაქის აეროპორტში სიტუაცია მძიმე რამდენიმე საათის განმავლობაში იყო. მისი განეიტრალება სამხედროების დამატებითი ძალების მობილიზების და აქციის მონაწილეთა შემცირების შემდეგ მოხერხდა.

ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარში კიევს ადანაშაულებს. დაღესტანში ფართომასშტაბიან ანტისემიტურ გამოსვლებში გარე ძალების მონაწილეობაზე მიუთითებს კრემლიც. 

არც რუსეთის ცენტრალურ ხელისუფლებას და არც ადგილობრივ მმართველებს ანტისემიტური აქციის საწინააღმდეგო განცხადება არ გაუკეთებიათ. პროცესის შეფასებისას კეთილგონიერებისკენ მოქალაქეებს დაღესტნის მუფტმა მოუწოდა.

მაჰაჩყალაში 29 ოქტომბრის მოვლენებზე გამოძიება მასობრივი არეულობის მუხლით არის დაწყებული. დანაშაული 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უკვე მეორე დღეა არ ფუნქციონირებს დედაქალაქის აეროპორტი. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცველები ასაფრენ ბილიკებს, ტერმინალის შენობას და მიმდებარე ტერიტორიებს ამოწმებენ.

დღის ამბები