05 ივლისი 2024,   23:50
ვრცლად
უკრაინის საკითხზე, ორბანი ისევ უარზეა - მოუწევს თუ არა ლოდინი კიევს

"წინაპირობა წინაპირობაა" - ორბანი ისევ უარზეა. ევროპული დიპლომატიის კულისებში დღეს ერთი თავის ტკივილი ჰქონდათ და მას ვიქტორ ორბანი ერქვა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიამ გუშინ უნგრეთს მანამდე დაბლოკილი 10 მილიარდიც კი განუბლოკა, ორბანი გადაწყვეტილების შეცვლას არ ჩქარობს.

ორბანის სტილი ევროპელების დიდი ნაწილისთვის გაუგებარია, თუმცა 2-დღიანი შეხვედრები სწორედ იმ პათოსით დაიწყეს, რომ ამ დროის განმავლობაში მის გადარწმუნებას შეძლებენ. მით უმეტეს, რომ ეს პირველად არ ხდება. ევროკავშირის რეპუტაციის ხარჯზე, საკუთარი ინტერესების გამოვაჭრების პრაქტიკა ბევრი ლიდერისთვისაა მიუღებელი.

მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინის სრულ მზაობას სხვა ევროპელი ლიდერებიც ვერ ხედავენ, მათთვის ეს საკითხი პრინციპულად მნიშვნელოვანია. ევროპულ საბჭოში დომინანტურია ის აზრი, რომ უკრაინისთვის მოლაპარაკებების დაწყება ახლა აუცილებელი გზავნილია,რომელიც ბრიუსელმა, კიევის გარდა, მოსკოვშიც უნდა გაუშვას.

თავისი სათქმელი ევროპელებს ზელენსკიმაც უთხრა, რომელიც გაერთიანების 27 ლიდერს დისტანციურად ჩაერთო და, უკრაინელი ხალხის სახელით, შეახსენა, რომ მათ ისტორიის თვალი უყურებთ.

კომპრომისის მოლოდინში, ევროპელი ლიდერები დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებს აგრძელებენ. სათქმელს ხვალ იტყვიან, როდესაც ნააზრევსა და ნამსჯელს საბოლოო სახე მიეცემა.

დღის ამბები