"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ოპოზიცია არ არის დამოუკიდებელი და არის ერთიანი, ამასთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები. გადახედეთ მათ ბიოგრაფიებს. გვარამიაა დამოუკიდებელი და ცალკე მოთამაშე?! თუ ხაზარაძე - ბანდიტი და სააკაშვილის მაროდიორი; თუ ნიკა მელია, თუ ხაბეიშვილი?!" - ამ განცხადებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა "რუსთავი 2"-ის კითხვას, რომელიც ოპოზიციური პარტიების დამოუკიდებლობას ეხებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გავლენისგან თავისუფალი ოპოზიციური პარტია არ არსებობს.
"ჩვენდა საუბედუროდ, სამწუხაროდ, არცერთი ოპოზიციური პარტია არ არის დამოუკიდებელი. პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მე აღარ მინდა ეს თემა გავაგრძელო, მაგრამ ისინი ემსახურებიან სხვების ინტერესებს. ოპოზიცია არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს. ეს ე.წ. გაშლილი "ნაციონალური მოძრაობა" არ ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს, ისინი ებრძვიან ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს.
რაც შეეხება ოპოზიციის ტაქტიკას - რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ოპოზიცია არ არის დამოუკიდებელი და არის ერთიანი, ამასთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები. გადახედეთ მათ ბიოგრაფიებს. გვარამიაა დამოუკიდებელი და ცალკე მოთამაშე?! თუ ხაზარაძე - ბანდიტი და სააკაშვილის მაროდიორი; თუ - ნიკა მელია, თუ - ხაბეიშვილი?! რომელი ოპოზიციონერია დღეს დამოუკიდებელი საქართველოში და რომელი ემსახურება, რომელი ატარებს საკუთარ პოლიტიკას?! - არცერთი, მეგობრებო. ეს ძალიან მარტივია, მათ ამ ტაქტიკას პატარა ბავშვი წაიკითხავს.
ეს არის გაშლილი, ხელოვნურად ფრაგმენტირებული ოპოზიცია, რომ საბოლოო ჯამში, მათი ილუზიებიდან გამომდინარე, აქაც ამტკიცებენ საკუთარ სიბრიყვეს, რომ რაღაც წარმატების შემთხვევაში, კვლავ გაერთიანდნენ. ეს უკვე ნანახი გვაქვს, ხალხმა კარგად იცის.
საერთოდ, როცა საუბრობენ ეს ადამიანები, ჩვენ მათ ვახსენებთ ფაქტებს, მე მიყვარს ფაქტებით საუბარი. მე რამდენიმე გვარი ჩამოგითვალეთ და აღარ გავიმეორებ, ზედმეტი ფუფუნებაა მათთვის მათი ხსენება. ეს ადამიანები იყვნენ და არიან სააკაშვილის მსახურები და მისი ინტერესების გამტარებლები. არ არსებობს სხვა, რეალური ოპოზიცია. ყველა არის ჩაბმული ამ საერთო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების თამაშში. არ არსებობს სხვა, რეალური მიზანი და სხვა ოპოზიცია, ყველა არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.