აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც, უკვე რამდენჯერმე, საკუთარ კონკურენტად, ამჟამინდელი პრეზიდენტის ნაცვლად მისი წინამორბედი, ბარაკ ობამა დაასახელა.
ბაიდენის განცხადებით, "აშშ-ის პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი ძალიან ასაკოვანი და ფსიქიკურად შეუსაბამოა პრეზიდენტობისთვის, მეორე კანდიდატი კი თავადაა.
"აშშ-ის პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი ძალიან ასაკოვანი და ფსიქიკურად შეუსაბამოა პრეზიდენტობისთვის, მეორე მე ვარ. ნუ ეტყვით მას. ის ფიქრობს, რომ ბარაკ ობამას წინააღმდეგ იყრის კენჭს, ეს არის ის, რაც მან თქვა", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ოჰაიოში სიტყვით გამოსვლისას კიდევ უფრო დააბნია ამომრჩეველი, როცა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენმა არჩევნებში ბარაქ ობამა დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბაიდენს ობამას პრეზიდენტობის დროს, 2009-2017 წლებში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა და ისინი არჩევნებში ერთმანეთის კონკურენტები არასდროს ყოფილან.
ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ არჩევნებში არ გაიმარჯვებს, ქვეყანას "სისხლის აბაზანა" ემუქრება.
"ახლა, თუ არ ამირჩევენ, სისხლის აბაზანა იქნება. ქვეყნისთვის სისხლის აბაზანა", - განაცხადა ტრამპმა, მაგრამ არ დაუზუსტებია რას გულისხმობდა.
მოგვიანებით კი განმარტა: "არ ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში კიდევ იქნება არჩევნები თუ ჩვენ არ მოვიგებთ ამ არჩევნებს", - აღნიშნა ტრამპმა.
"რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატის ამ განცხადებას ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერი, ჯეიმს სინგერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს 6 იანვრის განმეორება სურს.
"მას კიდევ ერთი 6 იანვარი უნდა, მაგრამ ამერიკელი ხალხი კიდევ ერთხელ დაამარცხებს მას ნოემბერს არჩევნებში, რადგან ისინი უარყოფენ მის ექსტრემიზმს, ძალადობისადმი სიყვარულს და შურისძიების წყურვილს", - აღნიშნა სინგერმა.