დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს? ნაწილი ამბობს, რომ განხილვებში ჩაერთვება, მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ეს სხვა პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაა და მასში მონაწილეობას არ მიიღებს.
პარტია "გირჩის" წევრის, ჰერმან საბოს განცხადებით, ამ კანონპროექტს სერიოზულად თავად "ქართული ოცნებაც" კი არ აღიქვამს.
"არ მგონია, რომ ამის საჭიროება არსებობდა. ის, რომ თვითონ "ქართული ოცნება" არ უყურებს სერიოზულად ამ საკითხს, ჩემთვის გამოჩნდა იმით, რომ მათ კანონი კი არ შემოიტანეს, რომელსაც უმრავლესობით მიიღებდნენ, არამედ - საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც, იციან, რომ სხვა პარტიები მხარს არ დაუჭერენ. ეს ყველაფერი სჭირდებათ წინასაარჩევნო კამპანიისთვის. არ მაქვს სურვილი, სხვა პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში მივიღო მონაწილეობა", - განაცხადა ჰერმან საბომ.
ცნობისთვის, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დაკავშირებულია ოჯახის სიწმინდესთან. დოკუმენტში შეტანილია 8 ცვლილება, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანის შვილად აყვანა შეეძლება მხოლოდ ქორწინებაში მყოფ ქალსა და კაცს, ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს. აიკრძალება სქესის შეცვლის ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა, ასევე აიკრძალება მსგავსი მასალების გავრცელება და პოპულარიზაცია.