16 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
"არ გამოვრიცხავთ, რომ მივმართოთ სასამართლოს და პროკურატურას" - რას ედავება ხაზარაძე-ჯაფარიძეს ჰოლანდიელი ინვესტორი

ახალი ბრალდება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ - ჰოლანდიელი ინვესტორის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე პროკურატურას მიმართონ. ისინი ყოფილ ბიზნესმენებს სავარაუდო თაღლითობაში ადანაშაულებენ.

საუბარია 2014 წელს მამუკა ხაზარაძისა და მისი პარტნიორების მიერ დაარსებულ კომპანია "იმერეთი გრინერზე", რომლის ბიზნეს პროექტისთვისაც, ასევე ხაზარაძესთან კავშირში მყოფმა "თიბისი კაპიტალმა", 2017 წელს ორი მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოსცა. ჰოლანდიელმა ინვესტორმა ფასიან ქაღალდებში 400 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

პირველ ეტაპზე, ადვოკატებმა ეროვნულ ბანკს მიმართეს, სადაც საკითხის მოკვლევა დაიწყო.

"ერთის მხრივ, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს გააჩნდათ წილები "ჯორჯიან ფრეშ ჰოლდინგ"-ში და "ჯორჯიან ფრეშ ჰოლდინგ"-ს, თავის მხრივ, წილი გააჩნდა შპს "იმერეთი გრინერ"-ში. მეორე სურათი რომ წარმოვიდგინოთ, აღნიშნული ობლიგაციები გამოიცა შპს "თიბისი კაპიტალის" მიერ, რაც საფუძვლიან ეჭვს გვიჩენს, რომ შესაძლოა, არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

რაც შეეხება შესაძლო მეორე დარღვევას, ეს გახლავთ კლიენტზე ზრუნვის ნაწილი, რადგანაც გვაქვს ინფორმაცია, რომ კომპანია ჯერ კიდევ 2016 წლიდან ვერ ახერხებდა შესაბამისი გადასახადების გადახდას. ამიტომ, აღნიშნული რისკები არასდროს ყოფილა განდობილი ჩვენი კლიენტისთვის და არც შემდგომ, როდესაც უკვე გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო. დარღვევების დადასტურების შემთხვევაში, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ სამომავლოდ მივმართოთ სასამართლოს და შესაძლო დარღვევების თაობაზე საგამოძიებო ორგანოებს - მათ შორის, პროკურატურას,"- აცხადებს ჰოლანდიელი ინვესტორის ადვოკატი გიორგი ჩერქეზია.

ამავე თემაზე
დღის ამბები