03 მაისი 2024,   19:51
ვრცლად
ვითარება ახლო აღმოსავლეთში - გახდება თუ არა ირანის ქალაქ ისპაჰანში აფეთქებები ვითარების გამწვავების საფუძველი

ირანში მომხდარ აფეთქებას თეირანის უჩვეულო დუმილი მოჰყვა. ქვეყნის ხელისუფლებამ ისპაჰანში, სავარაუდოდ, ისრაელიდან ნასროლი რაკეტები არ შეიმჩნია და მნიშვნელობა დაუკარგა. ამის საფუძველი ისაა, რომ ზიანი არაფერს მიდგომია, მიზეზი კი, სავარაუდოდ, ის, რომ თეირანს ესკალაცია არ სურს. დუმს თავად ისრაელიც, თუმცა უკვე ფართოდაა გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ისპაჰანში გუშინდელი თავდასხმის უკან სწორედ "ცაჰალი" დგას, დარტყმის შინაარსი კი ასე ჟღერდა: “თუ მოვინდომებთ, მიზანშიც მოვახვედრებთ”.

დიპლომატიურ სიბრტყეში დუმილი საზოგადოებრივმა ხმაურმა დააკომპენსირა. პარასკევის ლოცვის შემდეგ, თეირანის ქუჩებში ხალხი გამოვიდა და ისრაელის პოლიტიკა გააკრიტიკა. სირიაში, ირანის საკონსულოზე ისრაელის დარტყმა და მაღალი რანგის გენერლების მკვლელობა ირანისთვის ღირსების საკითხად იქცა და ამიტომაც გაუშვა გასულ კვირას ისრაელის მისამართით ასობით რაკეტა და დრონი. ისრაელის პასუხი კი მხოლოდ გაფრთხილებას ჰგავდა, რომელიც ირანის სამხედრო ბაზებთან და ახლოს მდებარე ბირთვულ ობიექტებთან ნასროლი დრონით შემოიფარგლა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დაადასტურა, რომ ისპაჰანში მდებარე ბირთვულ ცენტრს ზიანი არ მიუღია, თუმცა, ამ დემონსტრაციული აქტით, რეგიონში ფართო კონფლიქტის რისკები სულ უფრო მეტად გამყარდა. ამის მაგალითია ირანის საგარეო უწყების განცხადებაც, რომ ისრაელის მორიგ თავდასხმას ირანი დაუყოვნებლივ უპასუხებს. სწორედ ამიტომაა, რომ, პატარა გამარჯვებების ფონზე, დიპლომატები ძალისხმევას არ წყვეტენ. განსაკუთრებით კი - რეგიონის მთავარი მოთამაშეები.

ჯერჯერობით, ჩანს, რომ დიპლომატიამ გარკვეულწილად იმუშავა და ირანსა და ისრაელს შორის ვითარება, უმძიმესის ნაცვლად, უკვე დღეს - სტაბილურად მძიმეა. ესკალაციის თავიდან არიდებისკენ მხარეებს დასავლეთიც აქტიურად მოუწოდებს, თუმცა გლობუსის ამ მხარეს არც ისრაელის პოლიტიკის კრიტიკა გამქრალა სადმე და არც - ირანის რეჟიმის წინააღმდეგი სანქციები.

დღეს ცნობილი გახდა, სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა ერაყშიც. ბაღდადის სამხრეთით, "სახალხო მობილიზაციის დანაყოფების“ ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტს ერთი პირი ემსხვერპლა. ირანი შეშფოთებულია, ისრაელი პასუხისმგებლობას არ იღებს. ამასთან, "ცახალი" სამხედრო ოპერაციას აქტიურად განაგრძობს ღაზაში. ბოლო სამიზნე რაფაჰია, რომელზე დარტყმასაც 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - ბავშვები. აშშ-მა პარტნიორი ქვეყნის ნაბიჯები უკვე გააკრიტიკა. 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ წამოწყებულ ომს ღაზაში 34 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 

დღის ამბები