20 მაისი 2024,   10:24
ვრცლად
"14 წლის ბავშვი დარჩა მარტო სახლში, მოაგზავნეს ვიღაც ტიპი, რომელიც გარედან კარს უბრაგუნებდა, სცადა ბავშვის შეშინება" - გიორგი ონიანი

"ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა მის სახლთან მოხდა.

გუშინ, ღამით ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და "გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ძმაც სცემეს. გია ჯაფარიძეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

კიდევ ერთი თავდასხმა 11 მაისს თბილისში დაგეგმილი მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორზე იყო. ლაშა ღვინიანიძე ფიზიკურ ანგარიშსწორებას მიმდინარე აქციებში მის ჩართულობას უკავშირებს. სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედიკოსების განმარტებით, დაშვებულებს ქალა-ტვინის ტრავმა და სხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

ამავე დროს "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრი, გიორგი ონიანი ამბობს, რომ უცნობი პირები ღამით მის სახლთანაც იმყოფებოდნენ. გიორგი ონიანი "კურიერთან" სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ უცნობი პირი, სახლში მარტო დარჩენილი არასრულწლოვანი შვილის შეშინებას ცდილობდა.

"2 დღის განმავლობაში რეკავდნენ ჩემს მეუღლესთან და შვილთან. როდესაც ფიზიკურად გაუსწორდნენ დიმა ჩიქოვანს, წავედით საავადმყოფოში მოსანახულებლად და 14 წლის ბავშვი დარჩა მარტო სახლში. ეს, რა თქმა უნდა, სუსისთვის კარგად იყო ცნობილი სატელეფონო ზარებიდან გამომდინარე.

მოაგზავნეს ვიღაც ტიპი, რომელმაც გარედან კარებს უბრაგუნა, შეურაცხყოფებს ყვიროდა, სცადა რომ ბავშვი შეეშინებინათ. როდესაც მოვედი უკვე აღარ იყო, გაქცეული იყო," - აცხადებს გიორგი ონიანი.

დღის ამბები