სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი მოსაზრებები კანონპროექტთან დაკავშირებით ათონელის სასახლეში მისულ ევროპელ პოლიტიკოსებს გაუზიარა. ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროპისგან დაშორებას ცდილობს.
პრეზიდენტის განცხადების პათოსი გაიზიარეს ევროპელმა მინისტრებმაც, რომლებმაც იმ საფრთხეებზე და უარყოფით შედეგებზე ისაუბრეს, რაც კანონპროექტის არსებული სახით შენარჩუნების შემთხვევაში, დღის წესრიგში დადგება.
საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა საკუთარი პოზიციები, პარლამენტის თავმჯდომარესაც გადასცეს. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში შედგა. შალვა პაპუაშვილმა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ევროპელებს კანონის მიღების საჭიროება განუმარტა და იმ საკითხზეც შეთანხმდნენ, რომ ხშირ შემთხვევაში საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევროპელი პარტნიორებისგან მცდარ მოსაზრებებს ისმენდნენ.
თავმჯდომარის განცხადებას სოციალური ქსელით გამოეხმაურნენ ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებმაც დაწერეს, რომ ევროპული რჩევების უგულებელყოფის საკითხზე შეთანხმება არ ყოფილა. დიპლომატებს მმართველი გუნდიდან უპასუხეს და თქვეს, რომ პარტნიორების ამ ფორმის განცხადებები ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება.
საგარეო უწყების ხელმძღვანელები თბილისში ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსაც შეხვდნენ.
ოპონენტების მიერ გაჟღერებული საფრთხეები, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კრიტიკული მოსაზრებების მიუხედავად, დასავლელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.
დღის ბოლოს ევროპელი დიპლომატები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა სტუმრებს კიდევ ერთხელ განუმარტა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის არსი და მთავარი პრიორიტეტები. პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის, მოისმინოს საგნობრივი მოსაზრებები კანონთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა მინისტრებს ილია დარჩიაშვილმაც უმასპინძლა.