მმართველი გუნდი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში და ქვეყნის ეკონომიკური რყევების ხელოვნურად შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს:
საუბარია ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული ბანკების აქციების ვარდნაზე. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეს პროცესი ხელოვნურადაა ორგანიზებული და ე.წ. სტენფორდის ჯგუფისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ერთობლივი მოქმედების შედეგია:
"კონკრეტული "ენჯეო" თავადაა აქციების ორგანიზატორი, იმ აქციების, რომლებზეც ხდება ქუჩის გადაკეტვა, მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის დისკომფორტის შექმნა. თავად ქმნის დისკომფორტს, შემდეგ მიდის ტელევიზიაში და ამბობს, რომ ამ დისკომფორტის გამო, შესაძლოა, ეკონომიკური პრობლემები შეიქმნას. თავად შექმნა პრობლემა და თავად წუწუნებს ამ პრობლემაზე. შემდეგ თავად ჩამოიყვანა უცხოელი მინისტრები, დააყენა ანტისამთავრობო მიტინგზე და ტაში აკვრევინა ქართველ ხალხს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიან. პირდაპირ ჩაერივნენ ჩვენს სულსა და გულში, ჩვენს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში. ორჯონიკიძეობა სხვა კი არაფერია, როდესაც შენი ქვეყნის წინააღმდეგ აქეზებ სხვა ქვეყნებს. საქართველოს, როგორც სამიზნედ ნიშნავდნენ, რომ შემდეგ წაექეზებინათ ევროპა თუ ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებისთვის. ეს იყო ერთადერთი ამოცანა, რაც მათ ჰქონდათ," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.