"ამ ქვეყნის იზოლაციაში დარჩენა ნიშნავს იმას, რომ შენ პარტნიორები უკვე არ გყავს. მათ შორის, არ გყავს პარტნიორები არ აღიარების პოლიტიკაში", - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ მიხეილ დაუშვილის კითხვა, რომელიც მან დღეს გამჭვირვალობის კანონის შესახებ საკომიტეტო მოსმენისას დასვა.
წითლიძის თქმით, საქართველოს იზოლაცია, ერთიანი საქართველოს განვითარებისთვის პრობლემური იქნება.
"ამ ქვეყნის იზოლაციაში დარჩენა ნიშნავს იმას, რომ შენ პარტნიორები უკვე არ გყავს. მათ შორის, არ გყავს პარტნიორები არ აღიარების პოლიტიკაში. საქართველოს იზოლაცია იქნება პრობლემური, მათ შორის, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისთვის. საქართველოს იზოლაცია იქნება პრობლემური ერთიანი საქართველოს განვითარებისთვის. რუსეთთან პირისპირ დარჩენილი საქართველო ნიშნავს იმას, რომ საქართველო ვერ იქნება ვერც თავისუფალი, ვერც დამოუკიდებელი და ვერც ერთიანი", - განაცხადა ანა წითლიძემ.
პარლამენტის წევრის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, "როგორც არ უნდა აიჭრას" ხელისუფლება, დასავლელი პარტნიორები მტკიცედ იქნებიან საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულნი.
"ვერ წარმოვიდგენ, რომ ასეთი რამე თქვას ნებისმიერმა პოლიტიკოსმა, ის, რაც ეხება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. ეს არის წმინდათა წმინდა. რაც არ უნდა მოხდეს საქართველოში, როგორც არ უნდა აიჭრას და აძმარდეს ხელისუფლება, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მტკიცედ იქნებიან ჩვენი დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულნი. ცხადია, აბსოლუტურად გამოვრიცხავ რამე ნიშანს ან ირიბ მინიშნებას დასავლელი პარტნიორების მხრიდან ამ პროცესის მიმართ", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
ცნობისთვის, მიხეილ დაუშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს კითხვით მიმართა, „ამ კანონით და ქართული ოცნების ქმედებებით, ექმნება თუ არა საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას". დაუშვილის ეს განცხადება მმართველმა გუნდმა ანტი სახელმწიფოებრივად შეაფასა.