16 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
პრეზიდენტის ინიციირებული ქარტია - რომელი ოპოზიციური პარტიები მოაწერენ ხელს შეთანხმებას

პრეზიდენტის ინიციირებულ ქარტიასთან დაკავშირებით, რომელმაც ოპოზიციურ სპექტრს ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება შესთავაზა, შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა უკვე თქვა, რომ შეთანხმებას ხელს მოაწერს, ნაწილის პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ დოკუმენტს უერთდებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც მიმართული იქნება ერთიანობისკენ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. 

"ვუერთდებით ამ დოკუმენტს, იმიტომ, რომ ვფიქრობთ, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც მიმართული იქნება ერთიანობისკენ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, აქედან გამომდინარე, კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან გვექნება კიდევ უფრო სიღრმისეული მსჯელობა, ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომ დოკუმენტმა საბოლოო ფორმა მიიღოს. ვფიქრობ, დღეს რაც საქართველოს სჭირდება არის ერთობა იმისთვის, რომ, საბოლოო ჯამში, რუსული რეჟიმისგან გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, "ლელოს" პოლიტსაბჭო დღეს შეიკრიბა და მიიღო გადაწყვეტილება ოფიციალური კენჭისყრით, რომ უერთდება პრეზიდენტის მიერ გაცხადებულ პრეზიდენტის ინიციირებულ ქარტიას.

"ის პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც არის შემოთავაზებული სალომე ზურაბიშვილის მიერ, ჩვენთვის არის მისაღები, მივესალმებით, თუმცა საჭიროებს რიგ დაზუსტებებს. ეს პროცესი უნდა მოექცეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში, რომელიც გათვლილია არჩევების შემდგომ პერიოდზე და ამისთვის მოვუწოდებთ როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ასევე სხვადასხვა ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიებს, კომუნიკაციისკენ,“ - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

შეფასება გააკეთა პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ. 

"მართალი გითხრათ, მე ვერ ამოვიკითხე იქ ტექნიკური მთავრობა, დროებითი მთავრობა კიდევ შეიძლება. საუბარია იმაზე, რომ პარლამენტმა მიიღოს კანონები და მერე იმპლემენტაცია მოახდინოს დემოკრატიული რეფორმების. ამის შემდეგ, უკვე დემოკრატიული არჩევნების აზრი ჩნდება, რიგგარეშე იქნება, ვადამდელი, თუ როგორც იქნება.

[რიგგარეშე არჩევნების] ვალდებულება ვერ გაჩნდება, ამას კონსტიტუციური ცვლილებები სჭირდება. ვალდებულება ჩნდება, რომ ჩვენ ვიმუშავებთ რეფორმებზე, რაც საკანონმდებლო თვალსაზრისით იქნება შესაძლებელი, ასევე გვქონდეს კონსტიტუციური ინიციატივები, რომელსაც იმედი მაქვს, რომ უკვე შემდგომი ოპოზიცია მხარს დაუჭერს. თუ არ დაუჭერს, ვნახავთ, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ქარტიის სამოქმედო გეგმის მიხედვით, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოაწერონ ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, არჩევნების შემდეგ ისინი ტექნიკურ მთავრობას შექმნიან, გააუქმებენ გამჭვირვალობის შესახებ და სხვა კანონებს. იმუშავებენ რეფორმებზე, რის მერეც, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავენ.

 

დღის ამბები