16 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
პრეზიდენტის შეთავაზება ოპოზიციას - რომელი პარტიები აწერენ ხელს სალომე ზურაბიშვილის ქარტიას და რა ძალა აქვს დოკუმენტს, რომელიც არც ერთიან საარჩევნო სიას გულისხმობს და არც პოლიტიკურ გაერთიანებას

პრეზიდენტის შეთავაზება ოპოზიციას - ქარტიის შინაარსი საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს გააცნო. დოკუმენტის მიხედვით, ხელმომწერი ძალები თანხმდებიან, რომ, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჩამოაყალიბებენ ტექნიკურ მთავრობას, გააუქმებენ კანონს გამჭვირვალობის შესახებ და, ერთი წლის ვადაში, ჩაატარებენ რიგგარეშე არჩევნებს. ზურაბიშვილმა პოლიტიკურ ჯგუფებს ქარტიაზე ხელის მოსაწერად ერთკვირიანი ვადა მისცა.

პრეზიდენტის ქარტიის პირველი ხელმომწერები, სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" იქნებიან. ერთიანი საარჩევნო სიის მქონე პოლიტიკური სუბიექტები, მემორანდუმის გარდა, წარმატების ფორმულას, ოქტომბერში, ერთიანი ოპოზიციური სიის ფორმირებაშიც ხედავენ.

სალომე ზურაბიშვილის მემორანდუმს მმართველმა ძალამ უკვე უწოდა "ლოკალური ომის ქარტია" და პირდაპირ თქვა, რომ ზურაბიშვილმა ე.წ. "დიდი მეგობრების" დავალება ღიად გაახმოვანა, რითაც ოპოზიციის რეალური მიზნების ლუსტრაცია კიდევ ერთხელ მოხდა. ამ თემას ვრცელი სტატუსი სოციალურ ქსელში უმრავლესობის ლიდერმა მიუძღვნა.

"ნაცმოძრაობის" გარდა, დღეს ქარტიაზე ხელმოწერის სურვილი სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც გამოთქვეს. ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ, პუნქტობრივად, ქარტიის სულისკვეთებას ეთანხმებიან, თუმცა გარდამავალი მთავრობისა და რიგგარეშე არჩევნების შესახებ პირობის განმარტება უჭირთ.

უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი, წინასაარჩევნოდ, "ნაცმოძრაობის" ლიდერი გახდა, მისი ინიციატივა კი "ლოკალური ომის ქარტიის" ოფიციალურად გაფორმება იყო.

პრეზიდენტთან კონსულტაციებში ჩართული იყო ექსპრემიერ გახარიას პარტიაც, თუმცა მისი გუნდი, ამ ეტაპზე, მემორანდუმისთვის ხელმომწერთა სიაში არ აღმოჩნდა. ქარტიას, სავარაუდოდ, არც "გირჩი" შეუერთდება.

პრეზიდენტს კონსტიტუციური ვალდებულებები შეახსენა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, ზურაბიშვილი, ზეპარტიული თანამდებობის მიუხედავად, ღიად ერთვება საარჩევნო საქმიანობაში, რაც ქვეყნის მთავარი კანონის მორიგი უხეში დარღვევაა.

სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ მემორანდუმზე ხელის მოწერის ვადა 1-ელ ივნისს იწურება. ამ დღეების განმავლობაში, ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციები, სავარაუდოდ, კვლავ გაგრძელდება.

 

დღის ამბები