05 ივლისი 2024,   20:41
ვრცლად
რა გახდა სუ -25-ის კატასტროფის მიზეზი - ბოლნისში მომხდარი ავიაკატასტროფის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ბოლნისში მომხდარი ავიაკატასტროფის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ნაპოვნია შავი ყუთი.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილებიც.

შესაბამისმა სამსახურებმა, რომლებიც გამოძიებას აწარმოებენ, პასუხი უნდა გასცენ კითხვას, რა გახდა სუ - 25-ის კატასტროფის მიზეზი, რასაც პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი ემსხვერპლა.

ოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავს, სუ - 25-ს გაფრენამდე ჩატარებული ჰქონდა შემოწმება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურებით, თუმცა რა გამოიწვია ავიაკატასტროფა მოგვიანებით გახდება ცნობილი. დასკვნას გამოძიება გამოაქვეყნებს. 
 
უკვე მეორე დღეა, ტერიტორიაზე გამოძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სამხედრო პოლიციისა და შესაბამის უწყების წარმომადგენლები. ადგილზე, დილიდან, იმყოფება თავდაცვის მინისტრიც. 
 
გამოძიების საბოლოო დასკვნამდე, სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ადგილობრივები დეტალურად იხსენებენ, თუ რა მოხდა ავიაკატასტროფის დროს. 
 
თვითმხილველების თქმით, დაინახეს საფრენი აპარატი, რომელიც აფრინდა ჰაერში, რამდენიმე მანევრი შეასრულა, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა და, დაახლოებით, ორ წუთში ჩამოვარდა. 
 
"კვამლი იყო ისეთი, რომ გვეუცნაურა. ჰორიზონტალურად გააკეთა წრე და შემდეგ ზევით წავიდა ვერტიკალურად. ეს მეუცნაურა, ასეთ მანევრს არ აკეთებენ. პატარა წრე გააკეთა და მეორე წრეზე ისეთ სიღრმეში წავიდა, რომ თითქოს ცაში დაიკარგა. დაბლა 100 მეტრი იქნებოდა, ჰორიზონტში აფეთქდა, ცეცხლი დავინახეთ. სანამ ჩვენ მივიდოდით, სასწრაფოები მივიდნენ", - აცხადებს თვითმხილველი.
 

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადება

დღის ამბები