06 ოქტომბერი 2024,   11:52
ვრცლად
გენერალური პროკურორობის ორ კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილსა და გრიგოლ გაგნიძეს, საპროკურორო საბჭო დღეს მოუსმენს

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება - შეკითხვებს დღეს გიორგი გაბიტაშვილი და გრიგოლ გაგნიძე უპასუხებენ. საბჭოში გენერალური პროკურორობის სულ 11 კანდიდატურაა წარდგენილი, აქედან 4-ს უკვე მოუსმინეს. 11 კანდიდატიდან საბჭო, ფარული კენჭისყრით, სამს შეარჩევს, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. სწორედ საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს წარდგენილთაგან ერთ-ერთი თანამდებობაზე.

გენერალური პროკურორის პოსტი მაისიდან, ირაკლი შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, ვაკანტურია. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა, საკითხი მომდევნო მოწვევის პარლამენტს გადაეწყვიტა.

"რამდენად აქვს პარლამენტს ლეგიტიმაცია, ახალი გენერალური პროკურორი აირჩიოს 6 წლით, როცა არჩევნებამდე 3 თვეა დარჩენილი?! მგონი, ეს, უბრალოდ, შეცდომაა და შესაძლებელი იყო, დაეტოვებინათ მოვალეობის შემსრულებელი და შემდეგ აერჩია ახალ პარლამენტს, ახალი ლეგიტიმაციით გენერალური პროკურორი," - აცხადებს "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

მმართველი გუნდი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ ამდენი თვით ქვეყნის გენერალური პროკურორის გარეშე დატოვება უპასუხისმგებლო საქციელი იქნებოდა.

"გენერალური პროკურორის პოზიცია არის უმნიშვნელოვანესი, ამ ინსტიტუციის გამართულად მუშაობისთვის, ამიტომ, რაც შეიძლება დროულად უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. ვფიქრობ, სწორედ ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და არა ის, რომ საკუთარი ინტერესებისთვის, არჩევნების შემდგომ ამ პროცესის გადადება. ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერი ლოგიკური და ადეკვატური რჩევა მივიღოთ, მაგრამ გენერალური პროკურორის გარეშე ქვეყნის ამდენი თვით დატოვება, ნამდვილად არ არის პასუხისმგებლობიანი რჩევა," - აცხადებს ნინო წილოსანი.

დღის ამბები