საფრანგეთის საპარლამენტო და ე.წ. სეისმური არჩევნების მეორე ტურის წინასწარი და მოულოდნელი შედეგები - ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პირველ ადგილზე მემარცხენე ალიანსი გადის, რომელიც 577 ადგილიან პარლამენტში, მანდატების, დაახლოებით, მესამედს იღებს. მეორე ადგილზეა ემანუელ მაკრონის პარტია და მხოლოდ მესამეზე არიან ულტრამემარჯვენეები, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ.
ამ შედეგების ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, პარლამენტში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სამი დიდი ჯგუფი შეიქმნება, რომელთაც ერთად მუშაობის გამოცდილება არ აქვთ. დასავლური მედია არ გამორიცხავს, რომ თუ მემარცხენე ძალები ვერ შეძლებენ სხვა პარტიებთან გაერთიანებას თანამშრომლობისთვის, საფრანგეთს საკმაოდ არასტაბილური პერიოდი ელის.
"ჩვენი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო" - ასეთი იყო "ეროვნული გაერთიანების" ლიდერის, მარინ ლე პენის შეფასება წინასწარ შედეგებზე. ჯორდან ბარდელა კი, რომელიც ამავე გაერთიანების წარმომადგენელია, ამტკიცებს, რომ მათთვის გამარჯვების წართმევით, მაკრონმა "ქვეყანას გაურკვევლობისა და არასტაბილურობისკენ" უბიძგა. შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტია 33%-ზე მეტით ლიდერობდა.
არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 67% შეადგინა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საფრანგეთის უახლეს ისტორიაში. გადადგომის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადებას პარიზში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოჰყვა.