29 სექტემბერი 2024,   05:19
ვრცლად
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისშია - რა შეხვედრები ჰქონდა ეზრა ზეიას ვიზიტის პირველ დღეს და რა მთავარი გზავნილით ჩამოვიდა ბლინკენის მოადგილე თბილისში

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლამდე ხელისუფლების მისამართით საკმაოდ კრიტიკული "ტვიტი" გაავრცელა, პირველად შტატების საელჩოში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიღო. აუდიენციის დასრულების შემდეგ, ენტონი ბლინკენის მოადგილემ, საკუთარი პოზიცია პლატფორმა იქსზე გააზიარა.

ეზრა ზეია მესამე სექტორის წევრებს, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის მთავარ აქტორებად მიჩნევს. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ინფორმაცია დღეს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატებისგანაც მიიღო. სანქციები და არჩევნებზე სადამკვირვებლო მხარდაჭერა - ეს თემები ხელისუფლების ოპონენტების თქმით, დიალოგის მთავარი თემა იყო.

პოლიტიკოსების აზრით, შტატების მხარდაჭერა და ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტების კიდევ უფრო აქტიურად ამუშავება ოპოზიციური ფლანგის წარმატებისთვის აუცილებელი იქნება. სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მმართველი პარტიის წევრი ქალი დეპუტატებისგანაც მოისმინა. "თბილისი მერიოტში" შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ქართული ოცნების" წევრებმა თქვეს, რომ ამერიკელ მაღალჩინოსანს დაუმახინჯებელი და ფაქტებზე დაფუძნებული ცნობები გადასცეს.

უმრავლესობის წევრები შტატებთან პარტნიორული პოლიტიკის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ იმასაც, რომ მეგობარმა ქვეყანამ ხისტი ნაბიჯების გადადგმამდე, ოკუპაცია და საქართველოს რთული გეოპოლიტიკური მდებარეობაც უნდა გაითვალისწინოს.

მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსის ვიზიტი საქართველოში გრძელდება.

ეზრა ზეიამ შეხვედრების დასრულების შემდეგ, კიდევ ერთი "ტვიტი" გამოაქვეყნა, სადაც კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩეროს ანტიამერიკული დეზინფორმაცია და ანტიდემოკრატიული ქმედებები. ამერიკელი მაღალჩინოსანი ხვალ ოფიციალურ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართავს.

დღის ამბები