29 სექტემბერი 2024,   06:29
ვრცლად
სუს-ი ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე მოკვლევას განაგრძობს - ოპონენტების პოზიცია, სავარაუდო ტერაქტის მომზადებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდისთვის ეჭვებს აჩენს

ოპონენტების პოზიცია, სავარაუდო ტერაქტის მომზადებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდისთვის ეჭვებს აჩენს. საუბარია სუს-ის გამოძიებაზე, რომლის ფარგლებშიც, უკვე კვირაზე მეტია, უკრაინაში მებრძოლი ქართველები იკითხებიან. ერთ-ერთი მათგანის ადვოკატმა მედიასთან პირდაპირ ისიც თქვა, რომ საქმეში, ტერორიზმის სამიზნედ, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დასახელდა. სახელისუფლებო გუნდში არ გამორიცხავენ, რომ კვალი შესაძლოა, ხელისუფლების ოპონენტებამდეც მივიდეს. პოლიტიკოსების აზრით, ოპოზიცია საკუთარმა დუმილმაც გასცა.

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერაქტის დაგეგმვაზე საუბარი არასერიოზულად მიაჩნია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს. გიორგი ვაშაძემ, დღეს, გამოძიების გაშუქების გამო, ქართულ მედიებს სარედაქციო პოლიტიკა დაუწუნა და აქტუალური თემების საკუთარი ვერსია მიაწოდა.

ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც უცხადებენ და წინასწარ ამბობენ, რომ ამ საქმის ყველა მტკიცებულება ფაბრიკაციაა.

ტერორიზმის საქმეზე ოპოზიციის რამდენიმედღიან დუმილსა და მიმდინარე გამოძიებას, "ღამის კურიერში", პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურმა შეერთებულ შტატებსა და სლოვაკეთში პოლიტიკურ ლიდერებზე განხორციელებული თავდასხმები გაიხსენა და თქვა, რომ, განსაკუთრებული ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო, ამ კუთხით, გარკვეული ძალების სამიზნეა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე მოკვლევას განაგრძობს. ვინ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობას და ვინ დგას სავარაუდო გადატრიალების საქმის უკან - ამ კითხვებზე პასუხი ცნობილი გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება.

დღის ამბები