05 ოქტომბერი 2024,   11:31
ვრცლად
ცივი ომის შემდეგ პატიმრების ყველაზე მასშტაბური გაცვლა, მეორე დღეა განხილვის თემაა - 16 პირის სანაცვლოდ, დასავლეთმა რუსეთს 8 პატიმარი დაუბრუნა

ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ, ციმბირის საპატიმროში ისხდნენ, უკვე დღეს კი მთელ მსოფლიოზე მიუწვდებათ ხმა. ცივი ომის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური გაცვლის მონაწილე რუსი პოლიტპატიმრები, ცდილობენ რეალობას დაუბრუნდნენ. თუმცა, მოსკოვიდან გამოფრენისას მათ მკაფიოდ უთხრეს, რომ დაბრუნება არც ეფიქრათ.

ვლადიმერ პუტინმა, გუშინ საზღვრებს მიღმა დაკავებულ სპეცსამსახურების თანამშრომლებს, წითელი ხალიჩა დაახვედრა. ასეთი პატივი მისგან ბევრ პარტნიორს არ ახსოვს. მთავარი კი, ამ ბორტზე მისთვის ვადიმ კრასიკოვი იყო, მკვლელი, რომელზეც პოლიტპატიმრები საუბრობენ და რომლის გაცვლის გამოც გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი სამშობლოში გააკრიტიკეს - მიუხედავად იმისა, რომ მან ამ ნაბიჯით 16 ადამიანი დაიხსნა. უკმაყოფილოა საქართველოს მოქალაქისა და ჩეჩენთა საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახიც, რომლებსაც ოჯახის წევრი კრასიკოვმა ღია ცის ქვეშ ბერლინში მოუკლა.

ის, რომ კრასიკოვი “ეფესბეს” აგენტი და პუტინის დავალებების შემსრულებელი იყო, კრემლს არ დაუმალავს. მეტიც, მისთვის სახელმწიფო ჯილდოც მოამზადა და სავარაუდოდ ახალ თანამდებობაზე დანიშვნაც. გაცვლის დეტალებზე პუტინის სპიკერმა ისაუბრა.

სწორედ ლუკაშენკომ შეიწყალა შოლცისთვის მნიშვნელოვანი გერმანიის მოქალაქე, სიკვდილმისჯილი რიკო კრიგერი. მინსკი მას ჯაშუშობაში,ტერორიზმში და “ექსტრემისტული ფორმირების” შექმნაში ადანაშაულებდა. ეს ბრალდებების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

ბელარუსში, ისევე როგორც მოსკოვში ბევრი სხვა პოლიტპატიმარი დარჩა, რომელთა ახლობლებიც ლოცულობდნენ,რომ სიაში მათი ოჯახის წევრი აღმოჩენილიყო,თუმცა ამაოდ. დასავლეთსა და მოსკოვს შორის საიდუმლო მოლაპარაკებების შედეგად ამ ეტაპზე მხოლოდ 24 პატიმრისა და 2 არასრულწლოვანის გაცვლა მოხერხდა.

"მიხარია პოლ უილანის, ალსუკურმაშევასა და ევანგერშიკოვიჩის ამბავი, ამასთან გამოდის რომ მას სხვა ადამიანები ანაცვალეს. ალბათ ძალიან დათრგუნულია, რახან იცის,რომ ის დატოვეს. ბოლო 48 საათი იმაზე ფიქრში გავატარე, თუ როგორ ჩამოდის თვითმფრინავიდან. ეს ჩემი ცხოვრების უმძიმეს პერიოდს დაასრულებდა. იმ გულის ტკივილს, რომელსაც მხოლოდ მარკის არა, დედაჩემისა და მისი ცოლ-შვილის მიმართ მაქვს”- აცხადებს ანა ფოგელი.

კაცი, რომელზეც ანა ფოგელი საუბრობს მარკ ფოგელია. მოსკოვის ინგლისურ-რუსულ სკოლაში მომუშავე მასწავლებელი. რომელიც 2021 წელს შერემეტევოს აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების გადაზიდვისთვის დააკავეს და 14 წელი მიუსაჯეს. საუბარია 17 გრამ მარიხუანაზე, რომელსაც პატიმრის განმარტებით სამედიცინო მიზნებით იყენებდა. მის გათავისუფლებაზე ჯო ბაიდენსაც კითხეს.

ბაიდენის მთავარი კრიტიკოსი, დონალდ ტრამპი კი პრეზიდენტის ნაბიჯით უკმაყოფილოა. თვლის, რომ ამ შეთანხმებით პუტინმა გაიმარჯვა და ის ყველაფერს უკეთესად იზამდა, სათავეში რომ ყოფილიყო.

გერშიკოვიჩი, რომლის დახსნასაც ტრამპის თქმით ნაკლები დანაკარგებით შეძლებდა, უკვე აშშ-შია. რადიო თავისუფლების ჟურნალისტთან, ალსუ კურმაშევასა და 4 ქვეყნის მოქალაქე საზღვაო ქვეითთან, პოლ უილანის ერთად. მას აეროპორტში პირადად პრეზიდენტი ბაიდენი და ვიცე პრეზიდენტი ჰარისი დახვდნენ. სიახლე უკვე იზეიმეს "უოლ სტრით ჯორნალის" ნიუსრუმშიც, რომლისთვის სტატიის მომზადების დროსაც 2023 წლის მარტში გერშიკოვიჩმა რუსეთის საპატიმროში ამოყო თავი, ჯაშუშობის ბრალდებით.

 

დღის ამბები