05 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
იუსტიციის სამინისტრო პენიტენციურ სისტემაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს

პენიტენციურ სისტემაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ქსანში, ნომერ მეათე პენიტენციურ დაწესებულებაში ახალაშენებული ინფრასტრუქტურა გახსნა. მოეწყო იუსტიციის სახლი, ადვოკატებთან შეხვედრის ოთახები, აშენდა საამანათო, ხანგრძლივი და მოკლევადიანი პაემნების, საშვებისა და ვიდეოპაემანის სივრცეები.

დაწესებულებაში გახსნილი იუსტიციის სახლის სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებით როგორც პატიმრები, ისე თანამშრომლები ისარგებლებენ. ეს რიგით მე-6 იუსტიციის სახლია, რომელიც პენიტენციურ სისტემაში გაიხსნა. აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა და მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდადებულებს შეეძლებათ, ისარგებლონ სრულიად ახალი და კომფორტული ინფრასტრუქტურით, რომელიც ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებისთვის მოეწყო. სივრცეები აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით და ინვენტარით. მსჯავრდადებულებს პაემნის სივრცეებით უფასოდ სარგებლობის საშუალებას 2024 წელს ამოქმედებული პენიტენციური კოდექსი აძლევს. №10 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი ინვენტარით და ტექნიკით აღიჭურვა საამანათო სივრცეც, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს დაწესებულებაში აკრძალული ნივთების მოხვედრის შესაძლებლობას.

საშვების სივრცეში დამონტაჟდა ახალი სკანერი, რომლითაც დაწესებულებაში შემსვლელ პირთა შემოწმება ხორციელდება. ასევე, მოეწყო ცალკე ოთახი დაწესებულებაში მისული ვიზიტორების ფიზიკური შემოწმებისთვის. ახალი ინფრასტრუქტურის გახსნის ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და სსიპ "იუსტიციის სახლის" თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე ესწრებოდნენ.

დღის ამბები