სალომე ზურაბიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დებატები არ შედგება - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში". სახელისუფლებო გუნდში პრეზიდენტი, საკუთარი განცხადებების გამო, კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს - თქვეს, რომ სალომე ზურაბიშვილი და ბიძინა ივანიშვილის სხვადასხვა წონით კატეგორიაში არიან.
"სალომე ზურაბიშვილი რომ პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, ეს ჩვენთვის არახალია. მე მას მოვუწოდებდი, რომ კარგად დააკვირდეს ოლიმპიადას და მიხვდება, რომ ზედაბალი წონები არასდროს ერკინებიან ზემაღალ წონებს, ეს, უბრალოდ, აკრძალულა ოლიმპიადის თამაშწესებით და ანალოგიურად ხდება პოლიტიკაშიც.
ზედაბალი რეიტინგისა და წონის მქონე პოლიტიკოსი ვერასოდეს ვერც გამოიწვევს და არც შედგება ასეთი ტიპის დებატები, ძალიან გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსთან და საზოგადო მოღვაწესთან, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. რაზე უნდა ესაუბროს ის მას - ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის გარანტი, რომელსაც აქვს უდიდესი ნდობა, როგორც მხარდამჭერებში, ისე, ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში, განსხვავებით სალომე ზურაბიშვილისგან, რომელმაც თავისი საპრეზიდენტო კარიერა დაიწყო ისეთი განცხადებებით, როგორიც იყო, რომ საქართველომ დაიწყო ომი რუსეთთან, გაუგებარი განცხადებები რელიგიური მიმართულებით და ა.შ.
შესაბამისად, ეს იქნებოდა აბსოლუტურად ბეჩავი სანახაობა და არაადეკვატური, რა თქმა უნდა,“ - აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.