16 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
საქართველო ევროპის იმ 20 სახელმწიფოს შორისაა, სადაც "ელექტორალური დემოკრატიაა" - ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს. ამჯერად ახალი ინდექსი "გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიამ", ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ ქვეყანა პოლიტიკური რეჟიმის ინდექსით, ელექტორალური დემოკრატიის ევროპულ ოცეულშია. მაჩვენებლები ქვეყნებს ოთხ კატეგორიად: ლიბერალურ და ელექტორალურ დემოკრატიებად, ასევე ელექტორალურ და დახურულ ავტოკრატიებად ყოფს. საქართველოსთან ერთად ჩამონათვალშია ავსტრია, ლიეტუვა, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, კვიპროსი, მალტა, რუმინეთი და სლოვაკეთი.

მონაცემების მიხედვით, საქართველო 2012 წლის შემდეგ, ლიბერალური დემოკრატიის შეფასების 11 წლიანი გაუმჯობესებით, მსოფლიოში მე-11 ადგილს იკავებს. დემოკრატიის დონით უსწრებს როგორც ყველა მეზობელ ქვეყანას, ასევე ევროკავშირისა და ნატოს წევრ 6 სახელმწიფოს. ავტორიტეტული ორგანიზაციის დასკვნას ოპოზიცია არ ენდობა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ საერთაშორისო რეიტინგები და კვლევები მათთვის საინტერესო არ არის

საქართველოსა და ევროპის ქვეყნებთან ერთად, კვლევაში ერთ-ერთი მონაცემი უკრაინის დემოკრატიულ სტატუსს განსაზღვრავს. ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური რეჟიმის ინდექსით უკრაინას დემოკრატიული სტატუსი ჩამოერთვა და "ელექტორალურ ავტოკრატიად" შეფასდა. საქართველოს იგივე შეფასება 2008-2009 წლებში ჰქონდა.

ახალ ინდექსში, საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას, 2012 წლის შემდეგ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბოლო წლებში საქართველოს წარმატება, ობიექტურ საერთაშორისო ინდექსებში, ყველა მიმართულებით არის ასახული.

კვლევის ავტორი ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რასაც მსოფლიო ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს "თავისუფლების ინდექსი" ეფუძნება.

დღის ამბები