05 ოქტომბერი 2024,   11:30
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მეცხრე მცდელობა - ენტონი ბლინკენი ისრაელის მთავრობის მეთაურს შეხვდა

ისრაელში საგანგებო მისიით ენტონი ბლინკენი ჩავიდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის მთავარი მიზანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაა და ამისთვის -  ისრაელზე დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერება. ბლინკენმა ღაზის სექტორში მიმდინარე მოლაპარაკებებს "გადამწყვეტი მომენტი" უწოდა.

სახელმწიფო მდივანი ისრაელში იმ დროს ჩავიდა, როცა ჰამასმა სამშვიდობო შეთანხმების მორიგი წინადადება უარყო. შეთანხმება სამფაზიან პროცესს მოიცავს, რომლის მიხედვითაც, ჰამასმა ყველა მძევალი უნდა გაათავისუფლოს, სანაცვლოდ კი, ისრაელი თავის სამხედრო ძალებს გამოიყვანს ღაზიდან და პალესტინელ ტყვეებს გაათავისუფლებს.

ამერიკელი მაღალჩინოსანი ისრაელის მთავრობის მეთაურს უკვე შეხვდა. ნეთანიაჰუმ ენტონი ბლინკენთან დიალოგს პოზიტიური უწოდა. პრემიერის თქმით, დღევანდელი მოლაპარაკებების დროს, მან მხარი დაუჭირა ამერიკის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო ხელშეკრულების გეგმას.

ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრამდე, ენტონი ბლინკენი ისააკ ჰერცოგსაც შეხვდა. ისრაელის პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების დიდი იმედი გამოთქვა.

ღაზაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტას ირანიც გამოეხმაურა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნასერ კანანმა განაცხადა, რომ ისრაელის ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება.

ომის დაწყების შემდეგ, ეს ბლინკენის მეცხრე ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში. თელავივის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეგვიპტეში გაემგზავრება.

მიმდინარე კვირაში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კაიროში გაიმართება.

 

ავტორი: მარიამ იობიძე 

 

დღის ამბები