16 სექტემბერი 2024,   23:11
ვრცლად
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები თხილის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხდნენ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები თხილის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხდნენ. მათ ფერმერებს, მეწარმეებს და ექსპორტიორებს ის ცვლილებები გააცნეს, რომელიც თხილის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში შევიდა.

ამ ცვლილებებით ბიზნესოპერატორი ვალდებულია მოსავალში ტოქსინების რაოდენობა აკონტროლოს, აფლატოქსინის პრევენცია და შემცირება ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად უზრუნველყოს. დამატებითი მოთხოვნები შეეხება პირველად წარმოებასა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს, საწარმოში თხილის გადამუშავების პროცესს, სატრანსპორტო კონტეინერებსა და გადამუშავებული პროდუქტის დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებას, ასევე პროდუქციის დასაწყობებას.

ორდღიან სემინარზე, რომელსაც სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი უძღვებოდნენ, დეტალურად განიხილეს ექსპორტისთვის განკუთვნილ თხილში აფლატოქსინით დაბინძურების კონტროლის მექანიზმები და აფლატოქსინებზე კაკლოვნების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით განსახორციელებელი ქმედებები. აფლატოქსინები (აფლატოქსინი B1, B2, G1 და G2) მიკროსკოპული სოკოების მიერ პროდუცირებული ტოქსინებია, რომლებიც ხასიათდება ძლიერი ტოქსიკურობით. აფლატოქსინით ხშირად ბინძურდება მცენარეული წარმოშობის პროდუქტები, რაც დაკავშირებულია მოსავლის აღებას, არასწორ შენახვასა და ტრანსპორტირებასთან, თუ სურსათში აფლატოქსინის შემცველობა აღემატება დასაშვებ რაოდენობას, მისი გამოყენება აკრძალულია.

დღის ამბები