თორნიკე სულაბერიძე, "კურიერთან", სამუშაო ადგილების და ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის ზრდის ტენდენციებზე საუბრობს. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციაში ამბობენ, რომ საქართველო ტექნოლოგიური სექტორისთვის მიმზიდველი ქვეყანაა, ქუთაისში დაგეგმილი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნა კი ქვეყნის მიმართ ყურადღებას უფრო მეტად ზრდის.
ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა, არსებული სამუშაო ადგილების რაოდენობა და დასაქმებულთა ანაზღაურება საქართველოს სტატისტიკის სამსახურში დათვალეს, შეაჯამეს და დაადგინეს, რომ მიმდინარე წლის ორი კვარტლის მონაცემებით, გასულ წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 11.6 პროცენტით გაიზარდა და 53.6 მილიარდი ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია ბიზნესსექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც, ისევე, როგორც - სახელფასო ანაზღაურება.
სექტორში არსებულ ზრდის ტენდენციაზე გავლენას არაერთი ფაქტორი ახდენს. სააგენტოში "აწარმოე საქართველოში" ამბობენ, რომ ხელფასის თუ სამუშაო ადგილების მატებას ხელს ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები უწყობს.
საქსტატის მონაცემებით, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ.