13 ოქტომბერი 2024,   02:02
ვრცლად
კეზერაშვილი, როგორც კრიმინალი იყო წინა ხელისუფლების დროს, ამ კრიმინალურ საქმიანობას აგრძელებს და უფრო ფართო მასშტაბებზეა გადასული - გივი მიქანაძე

ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით მმართველ გუნდში შეფასებები გრძელდება. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ დავით კეზერაშვილი ევროპელი პენსიონერების ძარცვით მოპოვებული "შავი ფულით" ქართულ პოლიტიკაში ჩარევას ცდილობს.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ამავე კონტექსტში განმარტა, რატომ ეწინააღმდეგებიან ოპოზიციის წარმომადგენლები გამჭვირვალობის კანონს.

"კეზერაშვილი, როგორც კრიმინალი იყო წინა ხელისუფლების დროს, ამ კრიმინალურ საქმიანობას აგრძელებს და უფრო ფართო მასშტაბებზეა გადასული. ამაზე მეტყველებს ის საერთაშორისო გამოძიებაც, რომელშიც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და რომელმაც გამოავლინა, რომ კეზერაშვილმა ათასობით ევროპელი პენსიონერი გაძარცვა. ამ საქმიანობას ის დღემდე აგრძელებს. აგენტურული ოპოზიცია, რადიკალების დაჯგუფება ვხედავთ, რომ ფინანსდება ორი ძირითადი წყაროსგან: ერთი - ეს არის მათი პატრონების მეშვეობით ისა საგრანტო დახმარებები, რომლებსაც ისინი იღებენ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით და მეორე ეს არის კეზერაშვილის დანაშაულებრივი სინდიკატი. ზუსტად ეს იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ ეწინააღმდეგებოდნენ ეს რადიკალები გამჭვირვალობის არსებობას და საზოგადოების წინაშე ანგარიშგებას," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა მმართველი გუნდის კიდევ ერთმა წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.

"ბატონ კეზერაშვილს თვითონ აქვს გაცხადებული ინტერვიუში, რომ იგი აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებსაც და "ენჯეო" სექტორსაც. ეს მისი სიტყვებია. პროკურატურამ რა მტკიცებულებებიც წარმოადგინა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს სქემა მთლიანად ბატონი კეზერაშვილის აწყობილია.

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ფული შემოდის საქართველოში. ამის გარდა, ის გარე ძალები, რომლებიც მფარველობენ ამ რადიკალურ ჯგუფებს, სხვადასხვა სქემით დონორ ორგანიზაციებსაც აფინანსებინებენ რადიკალურ "ენჯეოებს," რადიკალურ ოპოზიციას. სწორედ ეს გახლავთ მთავარი მიზეზი, რატომ არ სურთ ამ რადიკალებს გამჭვირვალობის ქართული კანონი. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი "შავი ფული" ტრიალებს და შესაბამისად, არ სურთ, რომ ეს ყველაფერი გამოააშკარაონ," - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. ირკვევა, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისგან, ძირითადად კი პენსიონერებისგან მოტყუებით მიღებული თანხები დავით კეზერაშვილისა და მისი ოჯახის საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა. დაკავებულთა შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ახლო ნათესავი თემურ ჯანაშვილია. გამოძიების ვერსიით ჯანაშვილი პირადად ხელმძღვანელობდა თბილისში მოქმედ მსხვილ ქოლცენტრს, მიღებულ თანხებს კი კეზერაშვილს ურიცხავდა.

 

დღის ამბები