12 ოქტომბერი 2024,   01:52
ვრცლად
"ჩვენ ვნახეთ 80 000 ადამიანი როგორ წამოუდგა ფეხზე საქართველოს ჰიმნსა და დროშას" - რატი იონათამიშვილი პარალიმპიურ ამბებზე

საქართველოს პარალიმპიურმა ნაკრებმა პარიზის 2024 წლის პარალიმპიადაზე ასპარეზობა ისტორიული შედეგით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანას 14 უძლიერესი სპორტსმენი წარმოადგენდა და პარაათლეტები სამშობლოში 9 მედლით დაბრუნდნენ.

პარასპორტსმენების მიღწევებსა და, ზოგადად, პარალიმპიადის კულისებში მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით, "რუსთავი 2" საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს და  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, რატი იონათამიშვილს ესაუბრა, რომელმაც პარალიმპიადის ისტორიები და ემოციური ამბები გაგვიზიარა.

- როგორ შეაფასებდით წლევანდელ პარიზის პარალიმპიურ თამაშებს, რა შედეგები აქვს საქართველოს წელს გასულ წლებთან შედარებით, თქვენ თავად რამდენად კმაყოფილი ხართ?

მე ვფიქრობ, რომ ის, რაც ახლა პარიზში ხდება, ნამდვილად არის ისტორიული მოვლენა, არა მხოლოდ საქართველოს პარალიმპიური მოძრაობისთვის, არამედ მთლიანად ქართული სპორტისთვის. ჩვენ ვართ ძალიან ამაყები და ბედნიერები, რომ ჩვენი ათლეტები მთელი პარალიმპიადის განმავლობაში ყურადღების ცენტრში არიან, ყოველდღე იგებენ მედალს საქართველოსთვის. ჩვენ მიზნად დავისახეთ, სანამ დაიწყებოდა "პარიზი 2024" რომ გაგვეუმჯობესებინა ის შედეგები, რომელიც წინა პარალიმპიადებზე გვქონდა და ეს იყო ჯამში 1 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალი. წელს გვაქვს 9 მედალი და ეს ნამდვილად არის ისტორიული მოვლენა. 14 პარაათლეტი წერს გამარჯვებების ისტორიებს პარიზში და საქართველოს შეუძლია იამაყოს, ვინაიდან ისინი არიან ჩვენი ქვეყნის თანამედროვე გმირები.

- როგორ შეაფასებდით კონკრეტული პარასპორტსმენების მიღწევებს? ნამდვილად ისტორიული შედეგი ვაჩვენეთ, რითაც ყველა ვამაყობთ.

6 სახეობაში ვიასპარეზეთ და 6-ვე სახეობაში მოვიგეთ სხვადასხვა სინჯის მედალი, მათ შორის, ოქროსი. დავამყარეთ მსოფლიო რეკორდი. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო გიგა ოჩხიკიძის ასპარეზობა, როდესაც ჩვენ მოგვიხდა უსამართლობასთან შერკინება და ერთობლივი ძალებით შევძელით და დავიცავით გიგას ოქროს მედალი და რეკორდი საქართველოსთვის. ამის ერთ-ერთი შედეგიც იქნება ის,  რომ დამატებით მოტივაცია ექნებათ ქართველ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს იმისთვის, რომ ისინი ჩაერთონ პარალიმპიურ მოძრაობაში, გახდნენ ჩვენი ოჯახის წევრები. დარწმუნებული ვარ, ამ პარალიმპიადის შემდეგ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება და, რა მთავარია, ამ ინტერესზე ადეკვატური პასუხისთვის ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერაა. კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, უზრუნველვყოფთ სწორედ იმას, რომ ჩვენი პარასპორტსმენები სწორად ვითარდებოდნენ, ჰქონდეთ ყველანაირი პირობა, როგორც საერთაშორისო ტურნირებზე მიიღონ რეგულარული გამოცდილება, ასევე, ღირსეული პირობები ჰქონდეთ სპორტული განვითარებისთვის. ჩვენ ლოს-ანჯელესის პარალიმპიურ თამაშებზე უფრო მეტი ამბიციებით ვიქნებით და მეტი მედლებით დავბრუნდებით," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

-მინდა დეტალურად გკითხოთ გიგა ოჩხიკიძის ამბავზე, რომლის დასასრულსაც მთელი ქვეყანა მოუთმენლდა ველოდით. ვიცით, რომ მედლის უკან დაბრუნებაში დიდი წვლილი მიგიძღვით. რატომ გაასაჩივრეს ჩვენი პარალიმპიელის მედალი?

ეს იყო ძალიან უცნაური შემთხვევა, რომლის პრეცედენტი ძალიან იშვიათად თუ მოიძებნება. გამოცხადდა გამარჯვებული, დაირეკა სტადიონზე ზარი და მაშინ, როდესაც ჩვენ ვემზადებოდით დაჯილდოების ცერემონიალისთვის, გავიგეთ, რომ გასაჩივრებული იყო და ამ საჩივრის საფუძველზე გიგას შედეგები იყო ანულირებული. ჩვენ რეაგირებისთვის გვქონდა მხოლოდ 30 წუთი და ამ დროის ნახევარი ფაქტობრივად უკვე გასული იყო, თუმცა სასწაული შევძელით ერთობლივი ძალებით, არ დავკარგეთ კონცენტრაციის უნარი, გვქონდა ძალიან სწრაფი, მყისიერი რეაგირება და შევძელით, რომ დროის ამოწურვამდე, 4 წუთით ადრე შესაგებებელი სარჩელი შეგვეტანა. ამან მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ საჩივარი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ჰქონდათ, ირანის, მოროკოსა და პოლონეთის დელეგაციებს, არ შესულიყო საბოლოო ძალაში, და მე, როგორც პრეზიდენტმა, მოვითხოვე იქ, სადაც ტექნიკური პერსონალი და ხელმძღვანელობა იმყოფებოდა, შევსულიყავით, მათ შორის, მსაჯებისთვის განკუთვნილ ოთახში, სადაც იყო მონიტორები გაშლილი და გვენახა სათითაოდ, არა მხოლოდ გიგა ოჩხიკიძის, არამედ, სხვა მოასპარეზეების კვრები. ჩვენ დაგვიკმაყოფილეს ეს სურვილი.

ასევე, მნიშვნელოვანი იყო მტკიცებულებების სახით, მოგვეპოვებინა გიგა ოჩხიკიძის ასპარეზობის ამსახველი ვიდეოები და ესეც დაუყოვნებლივ შევძელით, მწვრთნელების დახმარებით. ჩვენი კითხვა იყო შემდეგი - ის რაც სუფთად ჩათვალა, რომსა და კობეში, რატომ არ უნდა ჩათვლილიყო სუფთად პარიზში? - რაზეც საპასუხო არგუმენტები ვერ მივიღეთ. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი გაგრძელდა 3-4 საათის განმავლობაში, რის შემდგომაც ზემდგომი ინსტანცია შევიდა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ამასაც დაახლოებით 1 საათამდე დასჭირდა დრო. საოცარი იყო ის ერთობა, რომელიც ჩვენ: გულშემატკივრებმა, მწვრთნელებმა და მთლიანად დელეგაციამ ვაჩვენეთ, ფეხი არ მოგვიცვლია ადგილიდან, (30 ქართველი მაინც ვიყავით შეკრებილი.) საბოლოო ჯამში,  ახალ ზელანდიელი ერთ-ერთი ფუნქციონერი გამოვიდა და გვითხრა, რომ ჩვენთვის მეოთხე გდება, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ეს შედეგები უკვე გამწვანდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გიგა ხდებოდა, როგორც პარალიმპიური ჩემპიონი. ასევე, მას დაუბრუნდა მსოფლიოს რეკორდი, რომელიც 15 წლის განმავლობაში არავის ჰქონდა მოხსნილი და არავინ ახლოსაც არ იყო მისული ამ რეკორდთან. დღის მეორე ნახევარში კი, გაიმართა დაჯილდოების ცერემონია და ჩვენ ვნახეთ 80 000 ადამიანი, როგორ წამოუდგა ფეხზე საქართველოს ჰიმნსა და დროშას.

- ასეთი შედეგების ფონზე, ემოციებიც ალბათ დაუვიწყარი იყო.

ნამდვილად, ეს ემოციები არის დაუვიწყარი. პირველ რიგში, შენ მიდიხარ ისეთ ტურნირზე, სადაც მონაწილეობს 180 ქვეყანა, 4 400  პარასპორტსმენი. გარდა ამისა, ყველა კონტინენტზე მილიონობით ადამიანი უყურებს ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებს და ამ დროს, როდესაც გიჭირავს შენი ქვეყნის დროშა და გულზე შენი ქვეყნის სახელი გაწერია, რასაკვირველია, ეს დამატებითი პასუხისმგებლობაა და ენით აღუწერელი მომენტი.

ვხედავთ, რომ ჩვენი პარაათლეტები აღწევენ შედეგებს, დავიწყებ ანა ჯაფარიძის მედლით, 19 წლის გოგო, რომელიც ბოლო 3 წლის პერიოდში გახდა ჩვენი პარალიმპიური მოძრაობის წევრი და ამ პერიოდში შეძლო ბრინჯაოს მედლის მოპოვება. ეს იყო წარმოუდგენელი მიღწევა. ფაქტი არის, რომ ანა ჯაფარიძე გახდა პარატაიკვანდოს ტურნირის სახე "პარიზი 2024-ზე." გვახსოვს ის ეპიზოდი ჯეკი ჩანთან. ყველაზე მეტი ყურადღება გამოიჩინა მისადმი და განსაკუთრებული სიმპათიით განიმსჭვალა და არა მხოლოდ ჯეკი ჩანი, არამედ, მთლიანად მაყურებელი, ვინც ანას ასპარეზობას უყურა, მთლიანად პარიზის გული მოიგო.

ასევე, ნინო თიბილაშვილი, რომელმაც ისტორია დაწერა იმით, რომ პირველი ქართველი პარაათლეტი გახდა, ვინც 2 პარალიმპიურ თამაშებზე მოიპოვა სხვადასხვა სინჯის მედლები და შემდეგ მისი ეს რეკორდი გაიმეორა ინა ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ.

ასევე, უნიკალური შემთხვევა იყო გიორგი და ინა ქალდანების - მეუღლეების ასპარეზობა, რომლებმაც ერთ დღეს მოიპოვეს 2 მედალი და ერთ ოჯახში, სვანეთში წავიდა 2 მედალი პარალიმპიური თამაშებიდან. ეს ძალიან ემოციური იყო.

ასევე, ჩემთვის გამორჩეული პარაათლეტი არის ირმა ხეცურიანი და მას, რაც აქვს ქართული პარასპორტისთვის გაკეთებული, მსგავსი არავის არ გაუკეთებია, თამამად შემიძლია ვთქვა. ჩვენ მარტივი გზა არ გაგვივლია, სანამ აქამდე მოვიდოდით. იყო პერიოდი, როდესაც ირმა ხეცურიანი იყო ჩვენი ერთადერთი სახე და მისმა წარმატებას ხელი შეუწყო იმას, რომ დაგვემსხვრია ის სტერეოტიპი, თითქოს პარალიმპიოური მოძრაობა ქველმოქმედების პროექტია და არა მაღალი მიღწევების სპორტი. ირმა ხეცურიანის ღვაწლის გაცილებით ცდება სპორტულ სივრცესაც და ქალთა უფლებების ადვოკატირებისთვისაც გამორჩეული პიროვნება.

ასე რომ, ჩვენი პარალიმპიური მოძრაობა ერთი დიდი ოჯახია და ერთად ვქმნით იმას, რასაც დღეს შეგვიძლია საქართველოსთვის რეკორდული პარალიმპიადა ვუწოდოთ. პარალიმპიურ სპორტს, რომელიც არის მაღალი მიღწევების და რომელშიც ძალიან მაღალი დონის სპორტსმენები ასპარეზობენ, სხვა დატვირთვაც აქვს - პარალიმპიური თამაშების განვითარება ქვეყანაში  ნიშნავს ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას. ვინაიდან იმ ქვეყანაში, სადაც ინკლუზიური საზოგადოება არ არსებობს, პარალიმპიური მოძრაობა, როგორც წესი, არ არის განვითარების მაღალ ეტაპზე. ჩვენ ამითაც დავამტკიცეთ, რომ საქართველო ამ მხრივ, უნიკალურია. ის მომენტი, რომ როდესაც პარიზის ქუჩებში დავდივართ იმ ეკიპირებით, რომელსაც Georgia აწერია, ხალხი გვაჩერებს, ტაშს გვიკრავს და "ბრავოს" გვეუბნებიან, მათ შორის, ადგილობრივები. ეს, რა თქმა უნდა, დამატებითი მოტივაციაა და ძალიან ამაყად ვატარებთ ჩვენი ქვეყნის დროშას. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი ქვეყნის დროშა გიჭირავს და ამ დროშის მიმართ აქვთ მოწიწება სხვებს. ეს გამორჩეული შეგრძნებაა და ყველას ვუსურვებ, რომ შეგრძნება საკუთარ თავზე გამოცადოს," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, პარიზის პარალიმპიადაზე საქართველომ ცხრა მედალი მოიპოვა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა; ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტებმა რევაზ ჩიკოიძემ, ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს; ბრინჯაოსმედალოსნები კი პარაძიუდოისტი ინა ქალდანი, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.

დღის ამბები