19 სექტემბერი 2024,   03:16
ვრცლად
ეს იყო "ქართული ოცნების" პოლიტიკის რაობის გამოხატულება - ლევან ბეჟაშვილი ბიძინა ივანიშვილის განნცხადებაზე

"ქართლი ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, გორში რეგიონული შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებას, მესამე დღეა, პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.

"არჩევნების დასრულებისთანავე აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ბეჟაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას ეროვნულ სირცხვილს უწოდებს.

"ეს იყო "ქართული ოცნების" პოლიტიკის რაობის გამოხატულება. ამ წლების განმავლობაში ისინი ცდილობდნენ საქართველოს ისტორია გადაეწერათ. საქართველო წარმოეჩინათ აგრესორად და ომის დამწყებად. მაშინ, როდესაც ჰააგის სასამართლომ და სხვა საერთაშორისო სასამართლო ტრიბუნალებმა, საქართველო გაამართლეს, რუსეთი გაამტყუნეს და აგრესორად ცნეს. ამ ფონზე, ასეთი განცხადება არის ეროვნული სირცხვილი", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ბექა ლილუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებში ძალიან მძიმე მესიჯები გაჟღერდა.

როგორც ლილუაშვილი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა ოკუპანტი ქვეყნის პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლურ სამყაროს დააკისრა.

"მძიმე განცხადებები მოვისმინეთ. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო ის, რომ რუსეთი, როგორც აგრესორი, ოკუპანტი სახელმწიფო, მთლიანად გაიყვანეს პასუხისმგებლობის სივრციდან და ეს პასუხისმგებლობა გადააბრალა დასავლურ სამყაროს, რაც მთავარი აქცენტი იყო მისი სიტყვის ამ ნაწილში", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დღის ამბები