21 სექტემბერი 2024,   14:49
ვრცლად
ახლაც პროვოკაციის გამო იქნებოდა შემოსული... როგორც ჩანს, ისევ დანაშაულებრივი დავალებები მიიღო - რატი იონათამიშვილი დარჩო ხეჩუაშვილზე

რა მიზნით შემოდიოდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დარჩო ხეჩუაშვილი საქართველოში - "ქართულ ოცნებაში" ვარაუდობენ, რომ ყოფილი დეპუტატის, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდადებული ქვეყანაში ახლაც კონკრეტული დავალების შესასრულებლად შემოვიდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ მსჯავრდადებულმა უნდა გასცეს პასუხი კითხვებს - ვის დაკვეთას ასრულებდა ის გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისას და ახლა რა კონკრეტული დავალებით შემოვიდა საქართველოში:

"ფაქტია, რომ ეს ადამიანი არის ყველაზე ბინძური დავალებების შემსრულებელი. ბოლოს როდესაც საქართველოში იმყოფებოდა წინასაარჩევნოდ, მან სცადა თარგამაძის აფეთქება და რა თქმა უნდა, ეს იყო მისი მხრიდან კონკრეტული დავალების შესრულების მცდელობა. ახლაც პროვოკაციის გამო იქნებოდა შემოსული საქართველოში. როგორც ჩანს, ისევ ასეთი დანაშაულებრივი დავალებები მიიღო და მის აღსასრულებლად შემოვიდა. ამ ადამიანებისთვის დესტაბილიზაცია, პროვოკაცია ჩვეულია. ისინი რომ ადამიანების სიცოცხლესაც არ დაგიდევენ, ესეც კარგად იცის საზოგადოებამ და დასტურდება მათივე დანაშაულებრივ-კრიმინალური ბიოგრაფიით. აქედან გამომდინარე, მთავარი კითხვა ჩვენი საზოგადოებისთვის არის ერთი - მისცეს მან ჩვენება თარგამაძის საქმეზე და აღიაროს, ვის დავალებას ასრულებდა და მეორე - თქვას, ახლა ვის დავალებას ასრულებდა და რა კონკრეტული დავალებები ჰქონდა აქ პროვოკაციის მოსაწყობად," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებული ხეჩუაშვილი 8 წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. პოლიციამ დამნაშავე თურქეთიდან საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისას დააკავა. დარჩო ხეჩუაშვილმა ყოფილი დეპუტატის, გივი თარგამაძის ლიკვიდაცია საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2016 წლის 4 სექტემბერს, პოლიტიკოსის მანქანის აფეთქებით სცადა.

დღის ამბები