12 ოქტომბერი 2024,   01:05
ვრცლად
ერთი რამ ფაქტია - ეს პროცესი არა ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, არამედ გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესია - ირაკლი ქადაგიშვილი გახარია-ხაზარაძეზე

ერთი რამ ფაქტია - ეს პროცესი არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს პროცესი არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი - ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. საუბარია გახარია-ხაზარაძის არშემდგარ გაერთიანებაზე.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის პარტიებს ცალ-ცალკე 5%-იანი ბარიერის გადალახვის რისკი გააჩნიათ. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ორი პარტიის გაერთიანებისა.

"ერთი რამე ფაქტია, რომ ეს პროცესი არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს პროცესი არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი. აქამდე ჰქონდათ მათ დრო იმისთვის, რომ ეჩვენებინათ, დამოუკიდებლად რის მიღწევა შეეძლოთ 5%-იანი ბარიერის გადალახვის კუთხით. დაინახა ყველამ შესაბამისი კვლევები, მათ შორის დახურული კვლევებიც ადასტურებს, რომ ცალ-ცალკე რისკი აქვთ 5%-იანი ბარიერის გადალახვის, ერთს ცოტა მეტი, მეორეს შედარებით ნაკლები რისკი, მაგრამ ორივე რისკის ქვეშ არის. ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს ორი სუბიექტი უნდა შეაერთონ და ამას სჭირდება გარკვეული დროც და გარკვეული აჟიოტაჟის შექმნა, დრამატული სცენარის გათამაშება და ერთგვარი ილუზიის შექმნა, რომ ეს იქნება, საერთო ჯამში, ურთიერთკომპრომისებისა, სახელმწიფოებრივი და ასეთი პოლიტიკის შედეგად მართლა ალტერნატიული დამოუკიდებელი ცენტრი შეიქმნა.

ულტიმატუმს უყენებს ერთი მეორეს, რომ კოალიცია არ უნდა შექმნა "ნაციონალურ მოძრაობასთანო", და ოთხ მუნიციპალიტეტის საკრებულოში კოალიცია აქვს სწორედ "ნაციონალურ მოძრაობას". ბლეფი ხდება ჩვეულებრივად, მანიპულირება ხდება საზოგადოებრივი აზრისა, როდესაც კონკრეტულად 4 მუნიციპალიტეტში აქვს უკვე შექმნილი ეს კოალიცია და იქ არ შევქმნითო. ეს ყველაფერი ნათელია.

"ლელოს" მაგალითი აიღეთ, თუ გინდათ, როდესაც იგივე ადგილობრივი არჩევნების დროს „ლელო“ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მერობაზე უჭერდა მხარს და „ლელოს“ ლიდერი ხაზარაძე უნდა ყოფილიყო მელიას მოადგილე თბილისის საკრებულოში.

მინდა საზოგადოებისთვის ვთქვა, რომ აქ რაიმე სიახლე, რომ ესენი "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ შექმნიან კოალიციას - არის ჩვეულებრივი ბლეფი. შექმნიან, უბრალოდ ეს ბლეფი სჭირდებათ არჩევნებამდე, რომ ის დამსახურებული იარლიყი, რაც მათ აქვთ, რომ არიან "ნაციონალური მოძრაობის" განშტოებები, ამით დროებით არჩევნებამდე ეს იარლიყი იქნებ რამენაირად მოიხსნან.

რა თქმა უნდა, რეალურად, ჯერ 26-მდე ეს დრო არის, პლატფორმაც არსებობს, სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომელზეც მოხდება ამ ორი ნომრისა და ორი პარტიის გაერთიანება. ეს სცენარი დაწერილია წინასწარ და ამ სცენარის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება. ერთი რამ არის, რაც შეიძლება ობიექტურ წინააღმდეგობად ვაღიაროთ იმიტომ, რომ თვითონ რომ იტყვიან პარტიების შიგნით, რა თქმა უნდა, დუღილის ტემპერატურა იწევს იმიტომ, რომ ადგილები როგორც ჰქონდათ განაწილებული, იმის ფუნდამენტური გადახედვა მოუწევს - ვიღაცას უკანა პლანზე გადაწევა მოუწევს. ერთადერთი ობიექტური წინააღმდეგობა, რომელიც არსებობს შიდაპარტიულ ელიტებში, სწორედ ეს არის,“ - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები