"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებულ შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან საზღვრის ოფიციალურად გადაკვეთა სცადა, რაც ნიშნავს, რომ მისი დაბრუნება, შესაძლოა, ხელისუფლების მიზნებთან იყოს დაკავშირებული.
მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" სურს "ახალი რაღაც შეთხზას".
"კაცი, რომელსაც მისჯილი აქვს სასჯელი, მოდის საზღვარზე, ანუ, ის რას შვრება? ფაქტობრივად, ბარდება სამართალდამცველ ორგანოებს. ვინ უნდა გამოიყენოს ეს კაცი, გეკითხებით, საპატიმრო დაწესებულებიდან?! კაცი, რომელიც საზღვარზე მოდის ოფიციალურად, რანაირად შეიძლება ეს ვინმესთან იყოს კავშირში, გარდა ხელისუფლებისა? მათ მსგავსი საკითხები სჭირდებათ იმისთვის, რომ ახალი რაღაც შეთხზან," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებული დარჩო ხეჩუაშვილი 8 წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. პოლიციამ დამნაშავე თურქეთიდან საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისას დააკავა. დარჩო ხეჩუაშვილმა ყოფილი დეპუტატის, გივი თარგამაძის ლიკვიდაცია საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2016 წლის 4 სექტემბერს, პოლიტიკოსის მანქანის აფეთქებით სცადა.