12 ოქტომბერი 2024,   00:35
ვრცლად
3 დღიანი მოლაპარაკების პროცესი ერთ დღეში ურთიერთბრალდების რეჟიმმა შეცვალა - გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე დღეს ერთმანეთს ტელეეთერებით ესაუბრებოდნენ

სამდღიანი მოლაპარაკების პროცესი ერთ დღეში ურთიერთბრალდების რეჟიმმა შეცვალა - გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე, რომლებიც აქამდე ერთმანეთს ხან პირისპირ, ხან საჯაროდ და ხან მედიისგან ფარულად ხვდებოდნენ, დღეს ერთმანეთს ტელეეთერებით ესაუბრებოდნენ. ვინ ჩაშალა მოლაპარაკებები - მხარეები საკუთარ ვერსიებს ჰყვებოდნენ. ყოფილმა პრემიერმა აღიარა, რომ წერტილი მან დასვა, თუმცა თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო ადრე უნდა მიეღო - მაშინ, როდესაც ნეიტრალური პლატფორმის პუნქტი დათმო. სწორედ ეს საკითხი წამოაყენა პირველ პირობად ულტიმატუმში, რომელიც მან ხაზარაძეს დიალოგის განახლებისთვის წაუყენა. საჯაროდ გამოიტანა დახურული მოლაპარაკების სხვა პუნქტებიც.

ხაზარაძის პასუხმა არ დააყოვნა - "ლელოს" ლიდერმა საჯარო უარით ყოფილ პრემიერს ისევ ძველ პირობებზე დათანხმება შესთავაზა. მიანიშნა, რომ გახარიამ პროცესი მიზანმიმართულად ჩაშალა და ამით ოპოზიციის საარჩევნო შანსები დააზიანა. მამუკა ხაზარაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ თქვა გახარიამ უარი შეთანხმებაზე, რომელიც უკვე შეჯერებულ საარჩევნო სიას და კონკრეტულ 9 პუნქტს გულისხმობდა, მათ შორის 20 ივნისის, ანაკლიის პროექტის ჩაშლის, ე.წ. მუქარის წერილის გამოძიებას.

ხაზარაძის კოალიციის ახალი წევრები რომ საკუთარი განცხადებებით პროცესს აზიანებდნენ, ამას არც გახარიას პარტიაში უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზი 3 კონკრეტული პრინციპი გახდა. "ლელოს" პარტნიორებს კი უკვირთ, რატომ იქონია გავლენა პროცესზე მათმა ინდივიდუალურმა განცხადებებმა მაშინ, როდესაც ხაზარაძე მოლაპარაკებას მთელი კოალიციის სახელით აწარმოებდა.

ვინც გახარია-ხაზარაძის შერიგების პროცესს გარედან აკვირდებოდა, მათი გაერთიანების იმედს არ კარგავს. ერთიანობაზე მიუთითებს კოლეგებს "ნაციონალური მოძრაობაც", რომელმაც ერთობაში მხოლოდ ძველი თანაგუნდელების დაბრუნება შეძლო.

გახარია-ხაზარაძის ვერშემდგარი ერთობა "ქართული ოცნებისთვის" წინასწარ გაწერილი სცენარის ნაწილია. უმრავლესობაში მიაჩნიათ, პროცესის გაჭიანურებით მხარეები საარჩევნო საკითხებზე ვაჭრობენ, მათ შორის, მანდატების განაწილებაზე. მათი მთავარი პრობლემა კი 5%-იანი ბარიერის გადალახვაა. მმართველი გუნდისთვის ოპონენტების საჯარო განცხადებები არადამაჯერებელია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძეც წერს.

დახურულ მოლაპარაკებებზე ხაზარაძე და გახარია საჯაროდ ალაპარაკდნენ, თუმცა ამ დრომდე დუმს მათი გაერთიანების ინიციატორი და მედიატორი სალომე ზურაბიშვილი.

დღის ამბები