14 ოქტომბერი 2024,   19:44
ვრცლად
პრეზიდენტმა ემიგრანტებს ოპოზიციურ სპექტრში არსებული ვითარება გააცნო და უთხრა, რომ ოპოზიციაში არ არსებობს ძალა, რომელიც არჩევნებში გამარჯვებას შეძლებს - სახელისუფლებო პარტიამ ეს განცხადება ერთგვარ აღიარებად აღიქვა

ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე სალომე ზურაბიშვილმა, ბერლინში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას ისაუბრა. პრეზიდენტმა ემიგრანტებს ოპოზიციურ სპექტრში არსებული ვითარება გააცნო და უთხრა, რომ ოპოზიციაში არ არსებობს ძალა, რომელიც არჩევნებში გამარჯვებას შეძლებს. ზურაბიშვილმა ყურადღება 4 პარტიაზე გაამახვილა და თქვა, რომ მათი რეიტინგი დაახლოებით ერთ დონეზეა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა წინასაარჩევნო პროცესში ევროპელი პარტნიორების როლზეც ისაუბრა. მეტიც - თქვა, რომ მის ქარტიას ხელი, ოპოზიციამ, სწორედ უცხოელების ძალისხმევის შედეგად მოაწერა და მომავალშიც, მათი მხარდაჭერის იმედი აქვს.

სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება სახელისუფლებო პარტიამ ერთგვარ აღიარებად აღიქვა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, საკითხს სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და დაწერა, რომ პრეზიდენტისგან 5 სიმბოლური აღიარება მოისმინა. მამუკა მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ოპოზიციას გამარჯვების თეორიული შანსი არ აქვს და მათ პოლიტიკური მიზნების მიღწევაში უცხოური ძალები ეხმარებიან.

იმ ოპოზიციურ პარტიებში, რომელზეც სალომე ზურაბიშვილი საკუთარ განცხადებაში საუბრობდა, ამტკიცებენ, რომ წინასაარჩევნოდ დამოუკიდებლად მოქმედებენ და ერთიანი, საერთო პოზიცია მხოლოდ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით აქვთ. ამას გარდა, უარყოფენ ფაქტს, რომ ქარტიას ხელი გარე ძალების მითითებით მოაწერეს.

სახელისუფლებო გუნდის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მორიგ ჯერზე დადასტურდა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად ერევიან მათი უცხოელი პარტნიორები, რაც "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელია. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სწორედ ეს, გარე ძალა ლობირებს ოპოზიციის ყველა ნაბიჯს.

სალომე ზურაბიშვილს საკუთარ განცხადებაზე, ჯერჯერობით, დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია.

დღის ამბები