14 ოქტომბერი 2024,   17:55
ვრცლად
დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა უცხო ქვეყნის კანონმდებლობა - საქართველოში გერმანიის საელჩო "კურიერის" წერილობით კითხვას ამ დრომდე არ პასუხობს

პარლამენტის თავმჯდომარე, განმარტებებს გერმანიის ხელისუფლების მხრიდან ელოდება. მიზეზი, 29 სექტემბერს, ბერლინის ერთ-ერთ სასტუმროში, სალომე ზურაბიშვილისა და გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შეხვედრაა. მმართველი პარტია ეჭვობს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციის გარდა, ახლა უკვე უცხო ქვეყნის კანონმდებლობაც დაარღვია.

კანონი, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე მიუთითებს, გერმანიის მთავრობამ, 2017 წელს მიიღო. დადგენილი წესის მიხედვით, უცხოელ პოლიტიკოსებს ეკრძალებათ საარჩევნო კამპანიის წარმოება - გერმანიაში, არჩევნებამდე ბოლო 3 თვის განმავლობაში. რეგულაცია ფედერალურმა მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც თურქმა პოლიტიკოსებმა, საკონსტიტუციო რეფერენდუმის წინ გამოსვლები დაიწყეს და ვითარება გამწვავდა.

საკანონმდებლო ცვლილების მიზანი, სხვა ქვეყნის შიდაპოლიტიკური კონფლიქტების გერმანიაში გადატანის თავიდან აცილება იყო. კანონის მიღების შესახებ, ფედერალურმა მთავრობამ, მათ ქვეყანაში აკრედიტებულ საელჩოებს იმავე წელს შეატყობინა და 30 ივნისს შესაბამისი ნოტაც გაუგზავნა.

ჰქონდა თუ არა სალომე ზურაბიშვილს 2017 წელს მიღებული კანონის თანახმად, გერმანიის მთავრობის შესაბამისი ნებართვა? - გერმანიის საელჩო "კურიერის" ელექტრონულ შეტყობინებას და მთავარ შეკითხვას ამ დრომდე არ პასუხობს.

სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია კი ამტკიცებს, რომ გერმანული მხარე პრეზიდენტის პროგრამის შესახებ წინასწარ ინფორმირებული იყო.

გერმანიაში, ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრას ქართველ ემიგრანტებთან, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები მოჰყვა ოპოზიციაში. ნაწილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი არც პოლიტიკური სუბიექტია და არც უცხო ქვეყნის კანონმდებლობას არღვევს. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის შეხვედრა წინასაარჩევნო აგიტაცია იყო, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ პრეზიდენტის მხრიდან, კონსტიტუციის დარღვევის არაერთი ფაქტის შემდეგ, გასაკვირი არც გერმანული კანონმდებლობის დარღვევა იქნება. ოფიციალური განმარტების მიღებამდე, უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ზურაბიშვილი ოპოზიციის სასარგებლოდ, უცხო ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ისევ მთავრობის ნებართვის გარეშე წავიდა. პირველად საფრანგეთში, შემდეგ გერმანიაში, დღეს კი უკვე პოლონეთში ჩავიდა.

დღის ამბები