17 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
"მისასალმებელია ეუთო-ოდირის შეფასება საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით"- არჩილ გორდულაძე

"ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ ბრიფინგი გამართა.

მან, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების შუალედურ ანგარიშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისასალმებელია ეუთო-ოდირის შეფასება საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით:

"გამოქვეყნდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

აღნიშნული შუალედური ანგარიში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიც არის სამართლებრივი ჩარჩო და საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო ტექნოლოგიები, ამომრჩეველთა და კანდიდატთა უფლებები და რეგისტრაცია, საარჩევნო გარემო და დაფინანსება, მედია გარემო, საარჩევნო დავების მოგვარება, არჩევნების მონიტორინგი და სხვა.

მისასალმებელია ეუთო-ოდირის შეფასება საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. საზოგადოებაც ხედავს, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ და თავისუფალ, ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, თუ არსებითი დარღვევების გარეშე, კონკურენტულ გარემოში ხორციელდება. დარღვევებს კი მხოლოდ იზოლირებული ინციდენტის სახე აქვს.

ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პროცესი თავისუფალია ძალადობის, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენების და სხვა სისტემური ხასიათის მანიპულაციებისგან, უპირველესად ჩვენი ხელისუფლების მტკიცე ნების და ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია.

ეუთო-ოდირი ხაზს უსვამს, რომ ცესკო ყოველგვარი ვადის დაცვით, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიების წარმოებით მართავს პროცესს. ოდირი მიესალმება ცესკოს მხრიდან გატარებულ ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება ამომრჩევლების ინფორმირებას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების გამარტივებას და მათ ეფექტიან გამოყენებას. ჩვენც სრულად ვიზიარებთ ცესკოს პროფესიონალიზმსა და ინსტიტუციურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიტიურ შეფასებებს.

მისასალმებელია ასევე, რომ შუალედური ანგარიში ასახავს იმ დადებით პროგრესს სამართლებრივი თუ პრაქტიკული განვითარებებისა, რაც ეხება საარჩევნო სიას, საარჩევნო დავების მოგვარებას, ამომრჩევლების და კანდიდატების უფლებებსა და რეგისტრაციას.

შუალედურ ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ მედია გარემო საქართველოში არის მრავალფეროვანი, მაგრამ პოლარიზებული. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის პარტიული არხები მიზანმიმართულად, ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ბლოკავენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპებს, რითაც აღნიშნული არხები არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას და წინასაარჩევნო პერიოდში ქმნიან დისკრიმინაციულ და უთანასწორო მედია გარემოს, რის შედეგადაც „ქართულმა ოცნებამ“ ჯამში უკვე 5 საათზე მეტი სარეკლამო დრო დაკარგა და მოგვადგა გამოუსწორებელი ზიანი.

ჩვენ, ოდირის სადამკვირვებლო მისიას გადავეცით აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, რომელიც სამწუხაროდ, შუალედურ ანგარიშში არ შეფასებულა, მაგრამ იმედია, რომ შემდეგ ანგარიშში სათანადოდ იქნება აღნიშნულიც და შეფასებულიც.

მისასალმებელია, რომ ანგარიშში მოხვდა წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის თავდასხმის შედეგად "ქართული ოცნების" წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალების ფაქტი. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად დაინახოს ცივილურობის ნიღაბს ამოფარებული ოპოზიციის რეალური სახე.

მისასალმებელია აგრეთვე, რომ ანგარიშში აისახა ის ფაქტი, რომ როგორც ოპოზიცია, ისე ე.წ. ადგილობრივი დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები არ ესწრებიან უწყებათაშორის საკოორდინაციო კომისიის სხდომებს. ჩვენ ოდირის წარმომადგენლებს აგრეთვე მივაწოდეთ დამატებითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი არ მოაწერა ცესკოს მიერ შემუშავებულ ეთიკის კოდექსს. იმედია, რომ ეს საკითხიც აისახება შემდგომ ანგარიშში. მისასალმებელია, რომ მისიამ თავის ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ წუხილებს, რომელიც არსებობს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით. ჩვენ მისიას მივაწოდეთ მტკიცებულებები სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილის პარტიული კავშირების და პოლიტიკური მიზნების შესახებ. იმედი გვაქვს, რომ შემდეგ ანგარიშში ეს დეტალებიც სათანადოდ აისახება.

მადლობას ვუხდით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს. ყველა იმ უწყებას, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება არჩევნების მშვიდად, თავისუფლად და პროფესიონალურად ჩატარების საკითხს.

მადლობას ვუხდით ასევე ეუთო-ოდირის წარმომადგენლებს ამ ეტაპზე გაწეული საქმიანობისთვის და ვაგრძელებთ მათთან მჭიდრო კომუნიკაციას, რათა საბოლოო ანგარიშში მოცემული შეფასებები ეფუძნებოდეს მხოლოდ ფაქტებს და არა დაინტერესებული მხარეების უსაფუძვლო ბრალდებებს.

და ბოლოს, დავამატებთ იმასაც, რომ ეს არჩევნები მიმდინარეობს უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე და ფაქტობრივად, ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია წარიმართება გარედან, რაც ყოვლად ანომალიური და მიუღებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით ოდირის წარმომადგენლებს გადავეცით კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები და იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ანგარიშში სათანადოდ აისახება ეს დარღვევები.

ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს საზოგადოება არჩევნებს ხვდება ბევრად მომზადებული და უკეთ ინფორმირებული, რომ 2020 წლის არჩევნებზე ნაცადი სცენარები აღარ განმეორდეს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლების უმთავრესი მიზანია საქართველოში არჩევნების საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება. მოვუწოდებთ არჩევნების ყველა მონაწილეს, დამკვირვებელს თუ სხვა დაინტერესებულ მხარეს შინ და გარეთ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ საარჩევნო პროცესის ხელოვნურად დისკრედიტაციისგან, ითანამშრომლონ პასუხისმგებელ უწყებებთან და ხელი შეუწყონ არჩევნების გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას,"- განაცხადა არჩილ გორდულაძემ. 

დღის ამბები