გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე მსჯავრდებულმა, დაკავების შემდეგ გამოძიებას პირველი ჩვენება მისცა. ჩვენების დეტალები კი პროკურატურამ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა. პროკურორის ინფორმაციით, ირკვევა, რომ 8 წლის წინ, დარჩო ხეჩუაშვილს ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი დაუკავშირდა, რომელმაც უკრაინაში მაღალი თანამდებობის სანაცვლოდ, გივი თარგამაძის თვალთვალი სთხოვა.
ჩვენების მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ თავის მხრივ, ჭიჭიაშვილმა ეს დავალება მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო, რომელსაც 2016 წლის აგვისტოში უკრაინაში შეხვდა. შეხვედრას, გამოძიების თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძეც ესწრებოდა. ხეჩუაშვილი ჩვენებაში ჰყვება, რომ მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძეს არ ენდობოდა და მისი გადაადგილების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება სურდა. დარჩო ხეჩუაშვილი ამბობს, რომ გარკვეული პერიოდი პოლიტიკოსს უთვალთვალებდა და მისი მანქანის აფეთქებასაც შეესწრო.
გივი თარგამაძე გამოძიებას არ ენდობა. ყოფილი დეპუტატი ფიქრობს, რომ პროკურატურა მის საქმეს წინასაარჩევნო მიზნებისთვის იყენებს. მიუხედავად ამისა, თარგამაძე მაინც ამბობს, რომ დღეს გასაჯაროებულ ინფორმაციას გარკვეული ღირებულებითი დატვირთვა აქვს. პოლიტიკოსის თქმით, ჩვენებამ მისი ინფორმაცია რამდენიმე პირის, მათ შორის, ჭიჭიაშვილის საქმეში მონაწილეობის შესახებ, დაადასტურა.
"ნაციონალურ მოძრაობაში", რომლის წევრიც გივი თარგამაძე 2016 წელს იყო, ამბობენ, რომ პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია სიცრუეა. პარტიაში ამტკიცებენ, რომ ფაქტს, რაზეც ჩვენებაში დარჩო ხეჩუაშვილი მიუთითებს, ადგილი არ ჰქონია.
სახელისუფლებო პარტიას პროკურატურის მიერ გასაჯაროებულმა ინფორმაციამ, დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში შემოსვლის მოტივებზე, დამატებითი ეჭვები გაუჩინა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დაკავებულის ჩვენებამ გამოააშკარავა ის მიზანი, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" 2016 წელს წინასაარჩევნოდ ჰქონდა, სწორედ ამიტომ, "ქართული ოცნება" არ გამორიცხავს, რომ ხეჩუაშვილი ამჯერადაც საქართველოში კონკრეტული დავალებით - არეულობის შემოტანის მიზნით დაბრუნებულიყო.
დარჩო ხეჩუაშვილი სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 კვირის წინ, საქართველოში უკანონოდ შემოსვლის მცდელობისას დააკავეს. ის წინა ხელისუფლების მმართველობის დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცრაზმელი იყო. გამოძიების ინფორმაციით, 2016 წლის 4 ოქტომბერს დარჩო ხეჩუაშვილმა გივი თარგამაძეზე თავდასხმა სცადა. მანქანის აფეთქების შემდეგ კი მიიმალა და საქართველო დატოვა. ხეჩუაშვილს სასამართლომ დაუსწრებლად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 8 წლის განმავლობაში ის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.