12 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
“წელს იცით, რომ 300 ათასი ტონა არის ყურძნის მოსავალი, გაექვსმაგებულია მოსავლიანობა“ - შალვა პაპუაშვილი

გურჯაანში ღვინის ფესტივალი მიმდინარეობს. ქალაქი 30 000 მდე სტუმარს მასპინძლობს. ღონისძიებას 400 -ზე მეტი მონაწილე ჰყავს. გურჯაანში დილიდან ხალხმრავლობაა. ქალაქში მოწყობილია ღვინის თემატიკის სტენდები, კულინარიული სივრცეები, ასევე, მოეწყო ქართული ბაზარი, ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

გურჯაანში სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის საქართველოს პრემიერი და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ჩავიდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან მეღვინეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ეს დღეები კახეთში განსაკუთრებულია, როდესაც მოსავლის დაბინავებასთან ერთად, ზეიმობს მთელი კახეთი, ისევე როგორც მთელი საქართველო, შემოდგომის განსაკუთრებულ დღეებს. ღვინის ფესტივალი კი განსაკუთრებულია იმ მხრივ, რომ განსაკუთრებით ბოლო 12 წლის განმავლობაში, მევენახეობა-მეღვინეობა, ფაქტობრივად, იმ მდგომარეობიდან, როდესაც კახელი გლეხი გადასული იყო იმაზე, რომ ჩაენაცვლებინა ვენახი სხვა კულტურებით, შემობრუნდა უკან, ვენახისკენ, ღვინისკენ. წელს იცით, რომ 300 ათასი ტონა არის ყურძნის მოსავალი, გაექვსმაგებულია მოსავლიანობა. იმიტომ რომ გაშენდა ვენახები. ჩვენ თუ გვქონდა 65 მილიონი დოლარის ექსპორტი, შარშან 260 მილიონი იყო და 2028 წლისთვის 500 მილიონი დოლარი გახდება ექსპორტი. შემოსავალიც, შესაბამისად, თუკი 10 წლის წინ მევენახეებთან შედიოდა სადღაც 70 მილიონი ლარი გლეხების ოჯახში, წელს უკვე ეს არის 300 მილიონზე მეტი. ამიტომ, ეს არის შედეგი იმის, რომ სახელმწიფო ფიქრობს არა მოკლე ვადიან გეგმებზე და მიზნებზე, არამედ ფიქრობს თითოეულ ადამიანზე,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები