07 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
8 ათას წლიანი ისტორია ღვინის კულტურასთან - ქვეყანამ მასშტაბურ ფესტივალს უმასპინძლა

8000 წლიანი ისტორიის მატარებელ, უნიკალურ ქართულ ღვინოს გურჯაანში ფესტივალი მიუძღვნეს. უკვე მერვე წელია, რაც ღვინის ფესტივალი რეგიონში ყველაზე ხალხმრავალ ღონისძიებად ჩამოყალიბდა, რადგან ის 400-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის, ასევე, ქვევრის, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა თუ ბოთლში ჩამოსხმული ღვინის დასაგემოვნებლად გურჯაანმა 30 000-ამდე სტუმარს უმასპინძლა.

გემრიელი ღვინოები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩაიტანეს. მეღვინეებისთვის გურჯაანში გამართული ფესტივალი, როგორც თავად ამბობენ, არის შესაძლებლობა რომ დიდ აუდიტორიას გააცნონ თავიანთი მარნები, დაყენების ინდივიდუალური ტექნიკა, წარმოაჩინონ ჯიშების და წლობით დავარგებული ღვინოების მრავალფეროვნება, თუმცა ფესტივალი მხოლოდ მეღვინეებისთვის არ გამართულა, ადგილობრივებმა ასევე წარმოადგინეს კულინარიული შედევრები, გემოები რომელიც შემოდგომასთან, კახეთთან, რთველთან და ზამთრის სიახლოვესთან ასოცირდება.

გურჯაანის ფესტივალის სტუმრები იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის წევრები, მათ დააგემოვნეს რამდენიმე სახეობის ღვინო და დაათვალიერეს ფესტივალისთვის საგანგებოდ მოწყობილი სივრცეები.

ქართული ღვინისა და ჭაჭის, ასევე ტრადიციული კერძების დაგემოვნება, რომელიც როგორც ადგილობრივებმა, ისე მიწვეულმა შეფებმა მოამზადეს, სომელიეების შოუზე დასწრება, ქართულ ბაზარში პროდუქტის შეძენა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ჩურჩხელის ამოვლებასა და ღვინის დაწურვაში მონაწილეობის მიღება გურჯაანის ათასობით სტუმარს ახტალას პარკში 10 სხვადასხვა სივრცეში შეეძლო. ამ ყველაფერს კი საღამოს ქართული მრავალხმიანი სიმღერაც დაემატა.

“გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2024“ დასრულდა, თუმცა მას უკვე აქვს ყოველწლიური ტრადიცია, შესაბამისად მომავალ წელს კახეთი ისევ უმასპინძლებს ქართული ღვინის ისტორიის გამგრძელებელ ყველა მეღვინეს, საქართველოს ყველა კუთხიდან.

დღის ამბები