21 დეკემბერი 2024,   16:06
ვრცლად
"დემოკრატიის დაცვის პაკეტზე" მსჯელობა შეჩერდა - ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, პრემიერ-მინისტრისთვის ლუსტრაციაა

ევროპარლამენტის მიერ ”დემოკრატიის დაცვის პაკეტის” განხილვა შეჩერებულია. ერთ-ერთ მიზეზად ის საფრთხე სახელდება, რომლის მიხედვითაც პროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში ევროკავშირი სხვა ქვეყნებში მსგავსი დისკრიმინაციული კანონების კრიტიკის ლეგიტიმურ შესაძლებლობას კარგავს. ამ შინაარსის ჩანაწერი გაკეთდა განმარტებით ბარათშიც და სპეციალურ ანგარიშშიც, სადაც წერია, რომ, წარსულში, ევროკავშირი კრიტიკულად იყო განწყობილი უცხო ქვეყნებში მიღებული „უცხოური აგენტების“ კანონის მიმართ და მაგალითად, საქართველოს და სერბეთის რესპუბლიკაა დასახელებული.

ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება ლუსტრაციაა პრემიერ-მინისტრისთვის. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ”დემოკრატიის დაცვის პაკეტის” ინიცირებამ თავიდანვე გამოააშკარავა, რომ გამჭვირვალობა ყველასთვის მნიშვნელოვანია, ახლა შეცვლილი პოზიცია კი ამხელს მიზანს რეალურად რისთვის შეიძლება დასჭირდეთ დაინტერესებულ ძალებს კრიტიკის მორალური უფლების შენარჩუნება.

”დემოკრატიის დაცვის პაკეტზე” მსჯელობის შეჩერებას, ოპოზიცია იწონებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი დასავლეთის მოწინააღმდეგე ქვეყნების მხრიდან სპეკულაციის თავიდან არიდებაა. ოპოზიციაში იმედი აქვთ, რომ თავადაც შეძლებენ საქართველოში ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას.

სახელისუფლებო გუნდში ევროპელ კოლეგების გადაწყვეტილება არ უკვირთ და აცხადებენ, რომ მის მიღმა საქართველოზე ზეწოლის და შანტაჟის გაძლიერების ინტერესს ხედავენ.

”დემოკრატიის დაცვის პაკეტი” ევროკომისიას გასული წლის დეკემბერში წარედგინა. ინიციატივა მაშინ იმით იხსნებოდა, რომ მესამე ქვეყნების სახელით ქმედებების გამჭვირვალობა, დემოკრატიული ანგარიშვალდებულება და უცხოური გავლენის საფრთხესთან გამკლავება აუცილებელი იყო. თითქმის ერთი წლის წარდგენილი პროექტის განხილვა კი ისე შეჩერდება, რომ მასზე მსჯელობაც არ დაიწყება.

 

დღის ამბები