07 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა - მთავრობის მეთაური, პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს

არჩევნებამდე 14 დღით ადრე, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური აქტიურობა ურთიერთბრალდებების თემა ხდება. მთავრობის მეთაური, პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს და დემოკრატიული არჩევნების პრინციპებზე მიუთითებს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქვეყნის უზენაესი კანონის დარღვევაში ქვეყნის პრეზიდენტი დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილს შეახსენა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი ზეპარტიული უნდა იყოს. მთავრობის მეთაურის ადრესატები იყვნენ საერთაშორისო დამკვირვებლებიც. პრემიერი მათ მოუწოდებს, ყურადღება გაამახვილონ ზურაბიშვილის ახალ ინიციატივაზე, რომელიც 26 ოქტომბერს ორბელიანების სასახლის საარჩევნო საკოორდინაციო შტაბად გადაქცევას გულისხმობს.

ათონელის რეზიდენციის საკოორდინაციო პლატფორმად გარდაქმნაში პრობლემას ვერ ხედავენ ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციონერი ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ სალომე ზურაბიშვილის ყველა ინიციატივა ქვეყნის ევროინტეგრაციას ემსახურება.

სალომე ზურაბიშვილის ბოლო ინიციატივა კონსტიტუციის დარღვევის მორიგი დასტურია მმართველი გუნდისთვის. “ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის გამყოფი ხაზი უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს. მათივე თქმით, პრეზიდენტმა დაივიწყა ზეპარტიულობის პრინციპი.

26 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო შტაბის მოწყობა პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა. ვისთვის გაიღება ათონელის სასახლის კარი ზუსტად 14 დღეში - ეს ჯერ უცნობია.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები