21 დეკემბერი 2024,   16:01
ვრცლად
ბრალდება გახარია-ხაზარაძეს - პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორივე პარტიის ლიდერი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გიორგი გახარიაც და მამუკა ხაზარაძეც აქტიურად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გადაბირებას და "ნაციონალური მოძრაობისგან" დისტანცირებას. თუმცა, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ წინა ხელისუფლებასთან ორივე პარტიის ლიდერს საერთო მიზანი აკავშირებს და ეს გარე დირექტივების შესრულებაა. პრემიერ-მინისტრმა დღეს მედიის კითხვების საპასუხოდ ის კონკრეტული ფაქტები დაასახელა, რაც მისივე განმარტებით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ხაზარაძე-გახარიას მჭიდრო კავშირს ადასტურებს. 

კრიტიკა ეხებოდა 20 ივნისის მოვლენებსაც, სპეცოპერაციას მესტიაში, პანკისში ადგილობრივების დაპირისპირებას სპეცრაზმთან - გახარიას გუნდში "ქართულ ოცნებას" არცერთ ბრალდებაზე არ უპასუხეს, თუმცა განმარტებები გააკეთეს ჩორჩანაში, საოკუპაციო ხაზთან, პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით, რაზეც მმართველი პარტიის ლიდერების თქმით, გახარიამ თვითნებურად იმოქმედა და ამით ესკალაციის საფრთხე შექმნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გახარიას გუნდის წევრი, მაშინაც და დღესაც ამტკიცებდა, რომ ამ გადაწყვეტილებით გახარიამ პირიქით, სახელმწიფოებრივად იმოქმედა.

გიორგი გახარიას პარტიის წევრებისგან განსხვავებით, მამუკა ხაზარაძის გუნდში მათი ლიდერის წარსულზე არაფერს ამბობენ. "ლელოში" აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნო განწყობები ალაპარაკებს.

რატომ იხსენებს "ქართული ოცნება" უკვე მეორე დღეა ხაზარაძისა და გახარიას წარსულს? - უმრავლესობაში განმარტავენ, რომ მათი მიზანია საზოგადოება შეცდომაში არ შევიდეს და 26 ოქტომბერს ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.

სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას გუნდების კავშირებსა და ერთობლივ ქმედებებზე საგანგებო ბრიფინგი "ქართულ ოცნებაში" ჯერ კიდევ გუშინ გაიმართა. მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს რეალურად მხოლოდ საარჩევნო ნომრები განასხვავებს.

 

 

დღის ამბები