07 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
ბუნდესტაგში მიღებული რეზოლუცია - მმართველი გუნდისთვის ბუნდესტაგის წევრების კრიტიკა უარგუმენტო და საფუძველს მოკლებულია

ბუნდესტაგმა საქართველოს შესახებ არჩევნებამდე 15 დღით ადრე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში, გაკრიტიკებულია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის" შესახებ კანონები. მმართველი გუნდისთვის ბუნდესტაგის წევრების კრიტიკა უარგუმენტო, საფუძველს მოკლებულია და რეზოლუციის მხარდამჭერებისგან მეტ კონკრეტიკას ითხოვენ.

"საქართველოს ევროპული მომავლისთვის"- ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელსაც გერმანიის პარლამენტში მხარი უკვე დაუჭირეს, თუმცა ყველამ არა. ბუნდესტაგში აღმოჩნდნენ ისეთი პარტიებიც, რომლებმაც დოკუმენტის შინაარსსა და ქართული პოლიტიკის შიდა საქმეებში ჩარევას შორის ტოლობის ნიშანი დასვეს. 

ბუნდესტაგში მიღებული რეზოლუციის სულისკვეთებას იზიარებენ ხელისუფლების ოპონენტები. დასავლელი ლიდერების კრიტიკული გზავნილები მათთვის ახალი არ არის და არჩევნებამდე კრიტიკას კიდევ ელოდებიან.

გერმანიის პარლამენტში მიღებული დოკუმენტი წინასაარჩევნოდ ოპოზიციის პოლიტიკური გადარჩენის მცდელობაა მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ გრძელვადიანი მეგობრული ურთიერთობის, მოკლევადიან მიზნებზე გაცვლა მიუღებელია, რეზოლუცია კი უსამართლო.

გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიების ავტორობით შედგენილი რეზოლუციის ინიციატორი ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა. მიხაილ როთი ჩართულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერია.  

ავტორი: ნანა გოგატაძე.

დღის ამბები