04 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
ევროპული დოკუმენტი მთელი კვირაა პოლიტიკური ბრალდებების საგანია თბილისში - ვინ როგორ გაიგო ევროპარლამენტის რეზოლუცია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

“აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია“ - ეს საქართველოს პირველი კანონმდებლის, შალვა პაპუაშვილის პირველი შეფასებაა, ევროპელი კოლეგების მიერ მომზადებულ იმ რეზოლუციაზე, რომელიც ევროპარლამენტმა 495 ხმით 73-ის წინააღმდეგ მიიღო. რუსეთისთვის სანქციების დაწესება, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება - ეს კი დოკუმენტის ის სამი მთავარი მოთხოვნაა, რომლის გარშემოც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აზრები ორად გაიყო. მმართველი გუნდისთვის, ამ დოკუმენტით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოში, ევროპარლამენტის ცალკეული ჯგუფების მიერ ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენა, არჩევნებში უხეში ჩარევა და პირდაპირი ზეწოლა ხდება.

ოპოზიციის ნაწილი, რომელიც წარსულში სანქციებს თავადაც ითხოვდა, ევროპარლამენტარების რიტორიკას დღესაც იზიარებს. ნაწილმა კი პოზიცია შეცვალა. “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, რეზოლუციის იმ ნაწილს, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზეა საუბარი, ეთანხმება, თუმცა დღეს ამბობს, რომ სანქციების დაწესების პოლიტიკას არ ემხრობა.

რეზოლუციის შინაარს, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო ნაწილობრივ იზიარებენ “გირჩშიც.“ პარტიაში ამბობენ, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხზე, საქართველოს სწორი პოლიტიკა უნდა აერჩია, ისე რომ არც ქვეყნის მოქალაქეები დაზარალებულიყვნენ და არც პარტნიორები განაწყენებულიყვნენ.

რა სახის სანქციები უნდა დაუწესოს საქართველომ რუსეთს? - ამ საკითხზე გახარიას პარტიაში არ საუბრობენ. მეტიც, გიორგი გახარია ამბობს, რომ სანქციების დრო ახლა საერთოდ არ არის, თუმცა მისსავე პარტიაში საუბრობენ სხვები.

რა სახის სანქციებს გულისხმობენ ევროპარლამენტარები, ეს დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის, თუმცა მმართველი გუნდის განმარტებით, რადგან ორ ქვეყანას სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა აქვს, სანქციები დიდწილად მხოლოდ ჩვენს ქვეყანას დააზარალებს.

ახალი მოწვევის ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით პირველია. ასევე, პირველი ოფიციალური საჯარო დოკუმენტია, რომელშიც რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა ღიად არის დაფიქსირებული.

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები