14 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
თეა წულუკიანი: ახალი დანიშნული გახლდით კულტურის მინისტრის თანამდებობაზე, დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, ამოიღო ფურცელი და მითხრა, "მოლოდინი მაქვს თქვენგან, რომ ვინც ამ სიაშია, თქვენ დააფინანსებთ"

"ახალი დანიშნული გახლდით მინისტრის თანამდებობაზე, 2021 წლის მარტი-აპრილის თვე იყო. ამ პერიოდში ჯერ არ იყო ის გაუგონარი დარტყმები დაწყებული, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა იღებს გარედან. ამ დროს მე დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, ეს არ იყო საფრანგეთის ელჩი, შეიძლება ვინმეს, ასე ვთქვათ, ფრანგული წარსულიდან გამომდინარე ეგონოს, რომ ეს საფრანგეთის ელჩი გახლდათ, ეს ასე არ იყო, და მეც როგორც ბიძია თმა, მივეახლე და ვითხე, რატომ მიბარებდა. მან მითხრა, რომ მილოცავდა მინისტრობას, თუმცა მაქვსო პრობლემა თქვენთანო," - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში "ნოესთან" კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მისი დანიშვნის პერიოდში ერთ-ერთ ელჩთან შეხვედრა გაიხსენა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ელჩმა მას გადასცა კონკრეტული სია და ამ სიაში ჩამოთვლილი ადამიანების დაფინანსება მოითხოვა. 

"არის რაღაცები, რასაც ადამიანი გონებაში იმახსოვრებ, სმენით იმახსოვრებ, ამ შემთხვევაში ის, რაც მე თვალებში დამრჩა, არასდროს დამავიწყდება.

მან გულის ჯიბიდან ამოიღო პატარა ფურცელი, გაშალა და მითხრა, რომ "მე მაგალითად, არ მომწონს და მოლოდინი მაქვს თქვენგან, რომ ვინც ამ სიაშია, თქვენ ამ ხალხს დააფინანსებთ".

ეს იყო ძალიან პატარა სია. ვისაც კი თქვენ ხედავდით და ხედავთ დღეს, რომ ყვირის და იყო უკმაყოფილო წულუკიანის მმართველობით და ახლა უკვე "ქართული ოცნებით", ყველა იყო ამ სიაში, ეს იყო პატარა ჯგუფი ადამიანების, პატარა ხალხი, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ წლების მანძილზე, ხელისუფლებები მოდიოდნენ, მიდიოდნენ, პარტიები მიდიოდნენ-მოდიოდნენ, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ვგულისხმობ, მინისტრები იცვლებოდნენ, იყვნენ ქალები, კაცები, ასეთები-ისეთები, მოსაწონი ყველასთვის და მოუწონარი ზოგისთვის, მაგრამ ისინი კვლავ იყვნენ მუდმივად იქ, სადაც იყვნენ და მუდმივად ფინანსდებოდნენ.

ეს არის, რაც შეიცვალა, მე მაშინ ძალიან უსიამოვნო საუბარი მქონდა კონკრეტულ ელჩთან, რა თქმა უნდა, იმ ზრდილობის და იმ ეტიკეტის ფარგლებში, რაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელ დიპლომატს ეკუთვნის და ავუხსენი, რომ ეს ასე ვერ გაგრძელდება, იმიტომ, რომ ქართული კულტურა მხოლოდ ეს 5-6 ადამიანი არ არის, ის არის გაცილებით უფრო ფართო. როდესაც მე ვუთხარი, რომ თქვენს სიაში ერთი ადამიანიც კი არ არის, რომელიც მაგალითად ქართულ მრავალხმიანობას წარმოადგენს, ის გაკადნიერდა და მითხრა ასეთი რამ, რომ "თქვენ ძალიან ბევრს საუბრობთ საქართველოს რეგიონებზე და მინდა იცოდეთ, რომ საქართველო მხოლოდ სოფელი არ არის". აქ საუბარი კიდევ უფრო დაიძაბა, რეალურად მე წავიყვანე საუბარი ბოლოსკენ და ავუხსენი, რომ საქართველო არის სოფელიც და ჩვენი ლამაზი დედაქალაქიც და ეს სამინისტრო არის ყველასთვის.

ამით მე ვცდილობ აგიხსნათ, თუ საიდან დავიწყეთ - კულტურის სამინისტრო უნდა ყოფილიყო მძევალი ერთი ჯგუფის და აქედან ჩვენ გავთავისუფლდით.

პოლიტიკური სირთულეები იყო მრავლად, ის, რაც მე გიამბეთ და პირველად ვყვები საჯაროდ ამ ამბავს, ერთი, რომ არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, საქართველოს რომელიმე ელჩმა, რომელიმე ქვეყანაში იგივე რომ გაბედოს, მას მეორე დღესვე პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადებენ და მიაბრძანებენ იქ, საიდანაც ჩამობრძანდა და ეს იქნება სწორი, ვინაიდან ამას ითვალისწინებს სწორედ ვენის კონვენცია, სადაც დიპლომატებს უწერიათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში თავიანთი ქცევის წესები, რაც ამ შემთხვევაში იყო დარღვეული," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები