17 ოქტომბერი 2024,   11:28
ვრცლად
გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილზე: თუკი მის ოფისში ასეთი სტრუქტურა შეიქმნება, ის მხოლოდ "კოლექტიური ნაცმოძრაობის" მიზანს მოემსახურება

დაესწრება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომას? პრეზიდენტის ადმინისტრაციას განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია. მომავალ კვირას დაგეგმილ სხდომაზე, სალომე ზურაბიშვილი არჩევნების დღეს, საარჩევნო შტაბის ორბელიანების სასახლეში გახსნასთან დაკავშირებით გამოთქმული ინიციატივის გამო დაიბარეს. მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის მორიგ დარღვევასა და სახელმწიფო სტრუქტურების უპატივცემლობაში ადანაშაულებს.

"სალომე ზურაბიშვილისთვის დარღვევები უცხო არ არის. რასაც ის აპირებს, პრაქტიკულად, არა მხოლოდ გადახვევაა, არამედ დემარში, განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი წარმოადგენს პოლიტიკურ მხარეს. იგი არის ლიდერი "კოლექტიური ნაცმოძრაობის" და თუკი მის ოფისში შეიქმნება ასეთი სტრუქტურა, ის მოემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" აქვს," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა გია ვოლსკიმ.

"ხალხის ძალაში" აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო უწყებებს პატივს არ სცემს და მოქმედება არა ქვეყნის, არამედ ოპოზიციის ინტერესების შესაბამისად.

"ის არის ოპოზიციის ავანგარდში და არჩევნებში მონაწილეობს ოპოზიციის მხრიდან, ის არ არის ნეიტრალური ადამიანი. ის პატივს არ სცემს არცერთ უწყებას - არც უწყებათაშორის კომისიას, არც იუსტიციის სამინისტროს, არც ქართულ კანონმდებლობას, არც ქართულ კონსტიტუციას. ეს ქალბატონი მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის ინტერესებში მოქმედებს, რომ როგორმე ქვეყანას ავნოს და დააზიანოს - ეს არის მისი ძირითადი და ამოსავალი ინტერესი," - აცხადებს "ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი.

დღის ამბები