17 ოქტომბერი 2024,   13:29
ვრცლად
"არასწორად ჩატარებულ პირველად დახმარებას სჯობს, საერთოდ არ ჩაუტაროთ" - გუგა ქაშიბაძე ბავშვებში დამწვრობის შემთხვევებზე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ექიმმა გუგა ქაშიბაძემ, "რუსთავი 2-ის" დილის ეთერში, ბავშვებში დამწვრობის სიხშირეზე ისაუბრა. ექიმმა ყურადღება გაუფრთხილებლობის შედეგად მიღებულ დამწვრობებზე გაამახვილა და განმარტა, რომ ბავშვებში დამწვრობების 80% სწორედ დაუდევარი ქცევის შედეგია.

ექიმი აღნიშნავს, რომ ყველაზე ხშირი შემთხვევები 3 წლამდე ასაკის ბავშვებშია. ეს პერიოდი განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან ბავშვს არ აქვს შიშის შეგრძნება და ყველაფერს ეხება. დამწვრობა, უმეტესად, სამზარეულოში ხდება - ცხელი წყლით, საჭმლით, ჩაითა თუ ყავით.

"კლასიკური შემთხვევაა, როცა ბავშვი ჭოჭინით მივა, ელექტრომადუღარას გადმოქაჩავს და 100 მილილიტრი წყალიც საკმარისია წლამდე ბავშვისთვის, რომ მოხდეს დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში," - აცხადებს გუგა ქაშიბაძე.

როგორ ავიცილოთ თავიდან ბავშვებში დამწვრობა?

ქაშიბაძის რჩევით, მნიშვნელოვანია ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ბავშვის სწრაფი განვითარება და ცნობისმოყვარეობა ამ პროცესს ართულებს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ადაპტირება ბავშვის ზრდის ტემპთან და სახლში რისკების მაქსიმალური შემცირება.

"უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვი რასაც გუშინ და დღეს არ აკეთებდა, ხვალ იმას გააკეთებს: ვთქვათ, თუ ქვედა უჯრას აღებდა გუშინ, ხვალ, აუცილებლად ზედა უჯრას გააღებს და უფრო მაღლა აცოცდება," - აცხადებს ექიმი.

დამწვრობის პრევენცია და გადაუდებელი დახმარება

დამწვრობის დროს პირველი წუთები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როგორც გუგა ქაშიბაძე ხაზგასმით აღნიშნავს, ტანსაცმლის სწრაფად მოცილება და დამწვარი ადგილის გამდინარე ცივი წყლით გაგრილება აუცილებელია. მისივე თქმით, გამდინარე წყლით დამწვარი ადგილის გაგრილების პროცედურა ეფექტური მხოლოდ პირველი 5 წუთის განმავლობაშია.

"ასევე, მნიშვნელოვანია ანტიბაქტერიული მალამოს წასმა, რომელიც ყველა ოჯახის აფთიაქში ჯობია, რომ იყოს. პირველივე წუთებში ძალიან რთული განსასაზღვრია, ეს დაზიანება უქმნის თუ არა ბავშვს საფრთხეს, ამიტომ ექიმთან ვიზიტი სჯობს," - ამბობს ექიმი.

არასწორი მკურნალობის საფრთხე

დამწვრობის დროს თვითმკურნალობა, ხშირად, მდგომარეობის გართულებას იწვევს. ექიმი ამბობს, რომ საზოგადოებაში თვითმკურნალობის უამრავი მეთოდია გავრცელებული, რომელთაგან ზოგიერთი დამწვრობას კიდევ უფრო ამძიმებს.

"მაგალითად, საჭმელი სოდა, რომელიც ქიმიურ დამწვრობას იწვევს და კიდევ უფრო აღრმავებს დაზიანებას. არასწორი მკურნალობის თვითნებური მეთოდებში, ვერც წარმოიდგენთ, სადამდე მიდის ადამიანის ფანტაზია - ისეთ ნივთიერებებს იყენებენ, რომელთა ხმამაღლა თქმა არც მინდა, რომ არ გაიგოს მოსახლეობამ და ვინმემ არ გაიმეოროს. ყოფილა შემთხვევები, რომ დენთიც კი დაუყრიათ. ასევე, მარგანეცის ფხვნილი, რომელიც ახლა შედარებით იშვიათია, მაგრამ საოცარ ქიმურ დამწვრობას იწვევს ის კრისტალები. ამიტომ, არასწორად ჩატარებულ პირველად დახმარებას სჯობს, საერთოდ არ ჩაუტაროთ," - აღნიშნავს ექიმი.

გუგა ქაშიბაძის თქმით, მდგომარეობის სერიოზულობის დასადგენად მთავარი ფაქტორი დამწვრობის ფართობი და სიღრმეა.

"თუ ვნახეთ, რომ კანის ეპითელიუმი მოცილებულია, დიდი ზომის ბუშტულაკებია, ბუნებრივია, თავად დამწვრობა გვიჩვენებს, რომ აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რათა მოხდეს ჭრილობის დამუშავება და თუ საჭირო გახდა, ბავშვის შეფასება და სტაციონარული მკურნალობა. ხშირად, როცა დიდი ფართობია და ღრმა დაზიანებაა, ეს არ არის ადგილობრივი პრობლემა, მიმდინარეობს დამწვრობითი დაავადება, რომელსაც სპეციფიკური მკურნალობა სჭირდება," - აცხადებს ექიმი.

ექიმის მთავარი გზავნილი ბავშვებში დამწვრობის პრევენციის აუცილებლობაა. გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ ეს შესაძლებელია, თუკი დაცული იქნება უსაფრთხოების ელემენტარული ზომები და ყურადღება გამახვილდება პოტენციურ საფრთხეებზე. ბავშვის განვითარება, ცნობისმოყვარეობა და სიფრთხილის ნაკლებობა მოითხოვს ზედამხედველობას და სახლში უსაფრთხო გარემოს შექმნას.

დღის ამბები