26 ოქტომბერი 2024,   17:33
ვრცლად
“მესმის, რომ დასავლეთ საქართველოში მძიმე მეტეოროლოგიური ვითარებაა, მაგრამ ხალხნო, ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე“ - ლევან სანიკიძე

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერმა, ლევან სანიკიძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების აქტივობას უპრეცედენტო უწოდა და მოსახლეობას კიდევ მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

“ისტორიულ გამარჯვებამდე დარჩენილია სულ რამდენიმე საათი. ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო მობილიზებას საარჩევნო უბნებთან, საქართველოს მოქალაქეები, ქართველები დღეს იცავენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ევროპულ მომავალს, ჩვენს კეთილ, ბედნიერ მომავალს, რომელიც აუცილებლად დადგება დღეს, 20:00 საათზე. მინდა აღვნიშნო, რომ 12 :00 საათის მონაცემებით, ცესკოს ინფორმაციით, აქტივობა იმაზე ბევრად მაღალია, ვიდრე ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო.

მინდა, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, რომელმაც მოიხადა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი, მივიდა საარჩევნო უბანზე და მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. მე მესმის, რომ დასავლეთ საქართველოში მძიმე მეტეოროლოგიური ვითარებაა, მაგრამ ხალხნო, ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ეს არის ისტორიული დღე, ჩვენ ვწერთ თანამედროვე საქართველოს ისტორიას, სადაც აუცილებელია თითოეული თქვენგანის მიერ საკუთარი წვლილის შეტანა,“ - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები