31 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
“ივანიშვილის ჯიბის პროკურატურასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, დარწმუნებული ვარ, იგივე რეაქცია ექნებათ სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც“ - თინა ბოკუჩავა

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პროკურატურაში დღესაა დაბარებული საგამოძიებო უწყებაში მისვლას და ჩვენების მიცემას არ აპირებს. პროკურატურამ, ცოტა ხნის წინ, ახალი განცხადება გაავრცელა. უწყებაში ამბობენ რომ პირები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და უარს აცხადებენ შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებაზე, რაც აფერხებს გამოძიების პროცესს.

პლატფორმის “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერი, თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ პროკურატურასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

“არანაირ თანამშრომლობას ივანიშვილის ჯიბის პროკურატურასთან მე არ ვაპირებ. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე რეაქცია ექნებათ სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე განვმარტე, არანაირი გამოძიება და დამატებითი კვლევა ოპოზიციური ლიდერების თუ პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარება, არ სჭირდება იმ გარემოების დადგენას, რომ არჩევნების ფარულობის პრინციპი ტოტალურად იყო დარღვეული,“ - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

კოალიციის “ძლიერი საქართველო“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე აცხადებს, რომ არ აქვს იმედი, რომ პროკურატურა დამოუკიდებელი იქნება.

“სალომე ზურაბიშვილი იქცევა სწორად ამ საკითხებთან დაკავშირებით. მე არ მაქვს იმედი, რომ ეს პროკურატურა, რომელიც არის არა სახელმწიფო ინტერესების გამტარებელი და ხალხის ინტერესების გამტარებელი, არამედ პარტიის ინტერესების გამტარებელი, რაიმეს დამოუკიდებლად გააკეთებს. ჩვენი მთავარი დასაყრდენი არიან ის მოქალაქეები, რომლებმაც უმრავლესობა მიანიჭეს ამ არჩევნებზე ოპოზიციურ პარტიებს,“ - აცხადებს ლევან ცუცქირიძე.

სამ საგამოძიებო უწყებაში ამ დროისთვის სისხლის სამართლის 47 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რასაც საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი პარტიების, ცესკოს და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვები, ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაცია. დანიშნულია ექსპერტიზები, მიმდინარეობს გამოკითხვები, ვიდეო მასალების შესწავლა და პირთა იდენტიფიცირება.

დღის ამბები